პარლამენტში საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო ინტეგრაციის ქვეჯგუფის შეხვედრა გაიმართა

25 მარტი, 2015

2015 წლის 25 მარტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს თავმდჯომარე არჩილ კაიკაციშვილი საბჭოს სამოქალაქო ინტეგრაციის ქვეჯგუფში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საბჭოს ქვეჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნა საბჭოს საქმიანობის ცალკეული მიმართულებები, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროდან სადღეისოდ აქტუალური თემების მიმართ საბჭოს პოზიციის საკითხი, ერთობლივი ინიციატივების შექმნის შესაძლებლობები, კომიტეტისა და საბჭოს მუშაობის ფორმატი, კომიტეტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერის საკითხი და საბჭოს სამოქალაქო ინტეგრაციის ქვეჯგუფის მუშაობის მოკლევადიანი მუშაობის საკითხები. არჩილ კაიკაციშვილმა ქვეჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი საკონსულტაციო ფორმატის სამომავლო საქმიანობის, დაგეგმილი ცვლილებებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის თაობაზე. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რუსლან პოღოსიანიც დაესწრო.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქნება აქტიური და შეძლებს საკუთარი წვლილი შეიტანოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში და მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების ობიექტურ შეფასებებში. მისივე თქმით, საბჭო იწყებს აქტიურ კომუნიკაციას ქვეჯგუფების წევრებთან. 25 მარტის შეხვედრაზე, დაიგეგმა სამოქალაქო ინტეგრაციის ქვეჯგუფის განმეორებითი შეხვედრა, მასში წარმოდგენილ ყველა ორგანიზაციის მონაწილეობით. 



კომენტარები