ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით 2015 წლის 26 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ ჟურნალისტურ კორპუსთან შეხვედრაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრების ფაქტს.
ორგანიზაცია და როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველები შევნიშნავთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჟურნალისტის მხრიდან დასმული კითხვა შეიცავდა სამ ფაქტობრივ უზუსტობას. შესაბამისად, საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა დაზუსტდეს შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. კერძოდ, როლანდ ბლადაძის კუთვნილი ბინა, მდებარე ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩა #37-ში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარეს გადაეცა 2007 წლის ივნისში. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი პაპუაშვილს როლანდ ბლადაძის კუთვნილი ქონება გადასცა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ მიღებული განკარგულების საფუძველზე, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად. როლანდ ბლადაძეს ზემოაღნიშნული ქონება ჩამოერთვა 2004 წლის სექტემბერში, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.
2013 წლის 12 აპრილს, აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილებით, როლანდ ბლადაძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სასამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო. როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ ცნეს ყველა იმ ბრალდებაში, რომლის ჩადენასაც ედავებოდნენ. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ 2004 წელს როლანდ ბლადაძეს უკანონოდ ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა, ვინაიდან ის დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავებოდა და რის გამოც მოთხოვნილი იქნა როლანდ ბლადაძის საკუთრებაში არსებული ქონების უკანონოდ, დაუსაბუთებლად ცნობა, ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა, დღეს არ არსებობს და არც არსებობდა. შესაბამისად, საქმეზე სამართლებრივი მოქმედებები გრძელდება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება ჟურნალისტის კითხვაზე, იყო აბსოლუტურად მისაღები და შესაბამისი. 2015 წლის 26 მარტის მდგომარეობით, საქმეს სწავლობს საქართველოს მთავარი პროკურატურა. საქმის შესახებ საქმის კურსშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქმით დაინტერესებულ ჟურნალისტებს მიმართავს, რათა მომავალში თავად ადვოკატებთან გადამოწმდეს და დაზუსტდეს საქმის ყველა ის საკითხი, რომლის არასწორმა წარმოდგენამ შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, შექმნას დამაბნეველი მიდგომები და ხელი შეუშალოს საქმეზე სამართლლიანობის აღდგენის პროცესის განხორციელებას.