ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას წინადადებით მიმართავს, მუნიციპალიტეის თვითმმართველობაში, საკადრო პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს და კადრები, რომლებიც 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში, აქტიურად მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებში, სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე არ დარჩეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური რეაგირებას არ ახდენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული ლაშა ცანავას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი მასალებით, 2009 წლის 15 ივნისის თბილისის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დარბევაში მონაწილეა. ორგანიზაცია სწავლობს 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შდეგად დაზარალებული მოქალაქე გიორგი ჩითარიშვილის საქმეს. გიორგი ჩითარიშვილის მიერ მოწოდებული ვიდეო-მასალიდან ცნობილი ხდება ლაშა ცანავას მოქმედებები, რომელიც უშუალოდ სცემს აქციის მონაწილე გიორგი ჩითარიშვილს. არსებული ინფორმაციით, ლაშა ცანავა დღემდე სამგორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, რომელიც საქმიანობს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციის 2015 წლის 1 აპრილის ბრიფინგზე, 2009 წლის 15 ივნისის დარბეული აქციის მონაწილე, დაზარალებულმა გიორგი ჩითარიშვილმაც ისაუბრა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციის მიმართავს სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რათა განმარტებები გაკეთდეს საჯარო სამსახურში 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლის მონაწილის დასაქმებასთან დაკავშირებით, რამდენად პასუხობს ასეთი საკადრო პოლიტიკა საზოგადოებრივ ინტერესებსა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ამასთან, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოუწოდებს, შეისწავლოს თანამშრომელთან დაკავშირებული შემთხვევა და იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსაუხრეობრივი უფლებამოსილება შეუჩეროს/შეუწყვიტოს ლაშა ცანავას.
გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაში მის მიმართ ლაშა ცანავას მხრიდან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს და მოითხოვს, როგორც პირად საქმესთან მიმართებით, ასევე 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დარბევის ფაქტზე, პროკურატურამ დროული გამოძიება მოახდინოს. ორგანიზაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და პიროვნების უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქმეზე სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას პრიორიტეტული ხარისხი უნდა მიენიჭოს.