ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარ სამმართველოსთან აქციის დარბევის დროს დაზარალებული გიორგი ჩითარიშვილის საქმეზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურას საჩივრით მიმართა გიორგი ჩითარიშვილმაც, რომელიც მოითხოვს მოქალაქე ლაშა ცანავას მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ვიდეო-მასალიდან ცნობილი ხდება ლაშა ცანავას მოქმედებები, რომელიც უშუალოდ სცემს აქციის მონაწილე გიორგი ჩითარიშვილს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის 1 აპრილს საჯარო განცხადება გააკეთეს, სადაც აღინიშნა, რომ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაში მონაწილე ლაშა ცანავა, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სამგორის მუნიციპალიტეტში მუშაობდა. ორგანიზაციამ წინადადებით მიმართა სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა ჩოქურს და მიუთითა ახსნა-განმარტებისთვის, თუ რამდენად პასუხობდა ასეთი საკადრო პოლიტიკა საზოგადოებრივ ინტერესებსა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის გამგებელს მოუწოდა, შეესწავლა თანამშრომელთან დაკავშირებული შემთხვევა. სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ ლაშა ცანავასთან მუნიციპალიტეტმა შრომითი ურთიერთობა 2015 წლის 1 აპრილს დაასრულა.
გიორგი ჩითარიშვილი მთავარი პროკურატურისგან, ასევე 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დარბევის ფაქტზე დროულ გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და პიროვნების უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქმეზე სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას პრიორიტეტული ხარისხი უნდა მიენიჭოს.