გიორგი პაპუაშვილმა სადავო ქონება, ფიქტიური ხელშეკრულებით, ოჯახის ახლობელს მიჰყიდა

4 აპრილი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, ადვოკატი ნანა წულაძე საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავს და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რომელიც ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მხრიდან 2015 წლის 17 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შეჩერებას და საამისოდ, შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებას.

ადვოკატების განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა სრული იგნორირება გაუკეთა საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება სადაოდ გამხდარი საცხოვრებელი სახლის, თვალთმაქცური გარიგების გზით, გაყიდვასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, გიორგი პაპუაშვილი 2007 წლიდან, აჭარაში, ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრობს და საქმეზე დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. გიორგი პაპუაშვილისთვის როლანდ ბლადაძის ქონების გადაცემის ფაქტს სწავლობს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. ხოლო, როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხის მისაკუთრებაზე აჭარის ა/რ საგამოძიებო ნაწილში, თაღლითობის მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად ამისა, გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის 17 მარტს მოქალაქე გიორგი ლევიძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი სახლი გაასხვისა 195 000 აშშ დოლარად. იქედან გამომდინარე, რომ სადავო ქონებაზე როლანდ ბლადაძის ადვოკატების მხრიდან მოთხოვნილია ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გიორგი პაპუაშვილს ნასყიდობის ხელშეკრულების ცნობაზე უარი უთხრა და ამჟამად, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან როლანდ ბლადაძის კუთვნილი ქონების გასხვისების პროცესი დროებით შეჩერებულია.

ადვოკატების განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი, როგორც როლანდ ბლადაძის ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრეა, ასევე, გიორგი ლევიძესთან 2015 წლის 17 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ფიქტიური და ბათილია, ვინაიდან ადგილი აქვს თვალთმაქცურ გარიგებას. ადვოკატები საზოგადოებისთვის საჯაროს ხდის გიორგი ლევიძის ნათესაურ კავშირებს გიორგი პაპუაშვილის ოჯახთან. გიორგი ლევიძე არის გიორგი პაპუაშვილის ცოლის დის, ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტის, ეკა ხოფერიას ყოფილი მეუღლე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლევიძე როლანდ ბლადაძის კუთვნილი ქონების გადაფორმებას, ეკა ხოფერისთან ქორწინებიდან, საერთო შვილისთვის აპირებს. ადვოკატების შეფასებით, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა სამართლიანობის აღდგენის პროცესის პირდაპირი დისკრედიტაციაა, როდესაც დავასთან დაკავშირებით ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, ჯერ საკუთარი დასკვნა არ წარმოუდგენიათ, გიორგი პაპუაშვილი კი სადავო ქონების გასხვისების მცდელობით გამოხატავს პირდაპირ უპატივცემულობის კანონიერების, სამართლიანობის და მართლმსაჯულების  პრინციპების მიმართ და  საკუთარი შესაძლო, დანაშაულებების დამალვას ცდილობს.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს:

  • საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოხდეს როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს მიემართოს სადავო ქონებაზე ყადაღის წარმოშობის შესახებ;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად დაიცვას ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველთა მიმართვიანობა და არ მოახდინოს გიორგი პაპუაშვილის ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების ცნობა სააგენტოსთვის წარდგენილი მხარის სამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხელოვნურად არ გაჭიანურდეს წინადადების განხილვა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან გიორგი პაპუაშვილისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების საკითხს;
  • საქართველოს საერთო სასამართლოებს, არ  მოხდეს გიორგი პაპუაშვილის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, შეგნებული პრიორიტეტის მინიჭება და როლანდ ბლადაძის ადვოკატების განცხადებების განუხილველად დატოვება, თითქოსდა სადავო ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის წარმოშობის არავითარი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს;
  • საქართველოს სახალხო დამცველს, როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენის ოფისმა მოახდინოს მონიტორინგის განხორციელება, რათა სამართლიანობის აღდგენის პროცესში არ მოხდეს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორცილება.
  • ტელეკომპანია ,,იმედის“ მფლობელ ბატონ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, რათა როლანდ ბლადაძის ადვოკატებს მიეცეს შესაძლებლობა გადაცემებში: ,,იმედის კვირა“ და ,,რეაქცია“ მონაწილეობის უფლება, მაშინ როდესაც განხილვის თემაა: სამართლიანობის აღდგენა ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე. დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მეპატრონეების საყურადღებოდ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ფაქტორიდან გამომდინარე, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების საქმე, ტაბუდადებულია. საკითხზე მსჯელობისგან თავს იკავებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ტელეკომპანია ,,იმედის“ გადამღები ჯგუფის მხრიდან როლანდ ბლადაძის საქმეზე, ბოლო სამი თვის მანძილზე ჩატარებული ყველა პრესკონფერენცია გაშუქების გარეშე დარჩა, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის  ჟურანალისტები სპეციალურად ესწრებოდნენ აღნიშნულ ბრიფინგებს.
  • გიორგი ლევიძეს და მასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც შესაძლოა გამოთქვან როლნდ ბლადაძის კუთვნილი ქონების შეძენის სურვილი, აუცილებელი გაფრთხილება, ყველა სამართლებრივი დოკუმენტით დადასტურებული ფაქტია, რომ ბინა მდებარე ქალაქ ბათუმში, მისამართზე გორგილაძის ქუჩა #37, საკადასტრო კოდით:05.23.17.008.01.008 ეკუთვნოდა როლანდ ბლადაძეს და ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარეობს შიდაეროვნული სამართალწარმოება.

როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველები გიორგი პაპუაშვილის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს სასამართლო წესით გაასაჩივრებენ. ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ინსტიტუტებს.



კომენტარები