პარლამენტმა გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს

6 აპრილი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დასმისკენ, თავად მოქმედ თავმჯდომარეს კი თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ 2015 წლის 6 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, სადაც გიორგი პაპუაშვილის მხრიდან, 2015 წლის 17 მარტს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხდებით, გიორგი პაპუაშვილმა სრული იგნორირება გაუკეთა საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება სადაოდ გამხდარი საცხოვრებელი სახლის, თვალთმაქცური გარიგების გზით, გაყიდვასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, გიორგი პაპუაშვილი 2007 წლიდან, აჭარაში, ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრობს და საქმეზე დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. გიორგი პაპუაშვილისთვის როლანდ ბლადაძის ქონების გადაცემის ფაქტს სწავლობს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ხოლო როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხის მისაკუთრებაზე, აჭარის ა/რ საგამოძიებო ნაწილში, თაღლითობის მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.

მიუხედავად ამისა, გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის 17 მარტს, ოჯახთან დაახლოებულ პირთან, ცოლის დის, ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ყოფილ მეუღლე გიორგი ლევიძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი სახლი გაასხვისა 195 000 აშშ დოლარად. იქედან გამომდინარე, რომ სადავო ქონებაზე როლანდ ბლადაძის ადვოკატების მხრიდან მოთხოვნილია ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გიორგი პაპუაშვილს ნასყიდობის ხელშეკრულების ცნობაზე უარი უთხრა და ამჟამად, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან როლანდ ბლადაძის კუთვნილი ქონების გასხვისების პროცესი დროებით შეჩერებულია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ დოკუმენტური მასალით, გიორგი პაპუაშვილი, როგორც როლანდ ბლადაძის ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრეა, ასევე, გიორგი ლევიძესთან 2015 წლის 17 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ფიქტიური და ბათილია, ვინაიდან ადგილი აქვს თვალთმაქცურ გარიგებას. გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა სამართლიანობის აღდგენის პროცესის პირდაპირი დისკრედიტაციაა, როდესაც დავასთან დაკავშირებით, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, ჯერ საკუთარი დასკვნა არ წარმოუდგენიათ, გიორგი პაპუაშვილი კი სადავო ქონების გასხვისების მცდელობით გამოხატავს პირდაპირ უპატივცემულობის კანონიერების, სამართლიანობის და მართლმსაჯულების  პრინციპების მიმართ და  საკუთარი შესაძლო, დანაშაულებების დამალვას ცდილობს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებები სამოსამართლო უფლებამოსილებისთვის შეუფერებელია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხზე ან გიორგი პაპუაშვილმა გამოჩინოს შესაბამისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის შენარჩუნების მაღალი იურიდული ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართული აქციის შემდეგ, ბათუმში მოსახლეობას უფასოდ გადასცეს საქმესთან დაკავშირებით მომზადებული სპეციალური გაზეთი „გიორგი პაპუაშვილი ქონებაჩამორთმეულის სახლში“, რომელმაც სრულად მოიცვა საქმის ისტორია, სამართალწარმოების ეტაპები, ამჟამინდელი მდგომარეობა. სპეციალური გაზეთი 500-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. ორგანიზაციამ გამოცემა ოფიციალური წესით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს და წევრსაც გაუგზვანა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საპროტესტო აქციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარაში ცნობილი უფლებადამცველებიც შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფებოდა როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრები და ახლობლები.

როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველები გიორგი პაპუაშვილის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს სასამართლო წესით გაასაჩივრებენ. ადვოკატებმა ეფექტური მოქმედებებისთვის, კიდევ ერთხელ მიმართეს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს. ფაქტის შესახებ ეცნობებათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ინსტიტუტებს.



კომენტარები