„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადება „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე

6 აპრილი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლის 6 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქციის გაზეთ „ბათუმელების“ ელექტრონულ გვერდზე გაშუქების კონტექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ავტორიტეტული გამოცემის მხრიდან სტატიის ასეთი სათაური, არ პასუხობს ღონისძიების რეალურ სულისკვეთებას. გამოცემის ინფორმაციით: „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით ემუქრებიან“, რაც აქციის გაშუქების არასწორი ინტერპრეტაციაა. არც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ და არც როლანდ ბლადაძის ადვოკატებს, მედიასთან ინტერვიუს დროს, ასეთი გამონათქვამები არ მოუხმიათ. ჟურნალისტი იყენებს აქციაზე უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის ციტატას, სადაც მერაბ ბლადაძე ამბობს: „სახლი არის უკანონოდ ჩამორთმეული და ნუ დაუტოვებენ თავიანთ შვილებს საშარო საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქონების დათმობას. ასი წელი რომ გავიდეს ეს ამბავი მაინც არ დამთავრდება და სანამ არ მომხდარა ანგარიშსწორება და საშინელება არ გაკეთებულა, მანამდე ვთხოვთ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციონ. თორემ, მოხდება საშინელება, მოხდება ხალხის სასამართლო“, რაც გაიგივებული ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ რაიმე სახის მუქარასთან. მერაბ ბლადაძე უფლებადამცველია და საკითხი სიმწვავიდან გამომდინარე, მისი გამონათქვამი მხოლოდ საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელობაზე ხაზგასმას ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია და როლანდ ბლადაძის ოჯახი, მისი კანონიერი ინტერესების დამცველები, ემიჯნება ასეთი გამონათქვამების დაშვებასაც, რადგანაც სულ სხვაა მხარის მაღალი იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, მივმართავთ ჟურნალისტურ კორპუსს, შესაძლებელია საკითხზე არსებობდეს სხვადასხვა შეხედულება, მაგრამ როლანდ ბლადაძის ოჯახის ერთადერთ ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს მხოლოდ მისი კანონიერი ინტერესების წარმომადგენლები - ადვოკატები ნანა წულაძე და არჩილ კაიკაციშვილი. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად გამონათქვამის ინტერპრეტირებისა, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ორაზროვანი ინფორმაცია არ მიეწოდოს, რადგანაც ყველა განცხადების დროს, აუცილებელია, ჟურნალისტმა შეაფასოს განცხადების კონტექსტი. როგორც ცნობილია, „ბათუმელები“ წარმოადგენს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერ მედია-საშუალებას და აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტები მუდმივად იცავენ ობიექტური გაშუქების მედია-სტანდარტს. 



კომენტარები