2015 წლის 16 აპრილს 16:00 საათზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება არასრულწლოვანი გ. კახურაშვილის საქმის განხილვა. საქმე ეხება არასრულწლოვანის საკუთრების უფლებას, კერძოდ 2009 წელს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ სასარგებლოდ, სესხის სანაცვლოდ (რომლის ოდენობაც 7 000 აშშ დოლარს შეადგენდა) იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვანი გ. კახურაშვილის უძრავი ქონება. სესხი აღებული იქნა სამეურნეო საქმიანობის განვითარების მიზნით, თუმცა რა თქმა უნდა იმ პირობებში, როდესაც სესხის საპროცენტო განაკვეთი წლიურ 60 %-ს წარმოადგენდა, ოჯახმა ვერ მოახერხა საქმის წარმატებით განხორციელება და 2012 წლის 04 ივნისს, მეორად აუქციონზე გ. კახურაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდა აუქციონის წესით. ამ დროისათვის კახურაშვილების ოჯახის მიერ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ სასარგებლოდ სესხის ფარგლებში უკვე გადახდილი იყო 8 200 დოლარამდე ოდენობით თანხა. აუქციონის შემდგომ ქონების ახალმა მესაკუთრემ, დროის სხვადასხვა პერიოდში 2-ჯერ მოითხოვა არასრულწლოვანის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება და არასრულწლოვანის გამოსახლება. თუმცა ამ დროისათვის აღსრულების პროცესი შეჩერებულია. უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არავის, მათ შორის არც ნოტარიუსს არასრულწლოვანის მშობლებისათვის არ განუმარტავს, რომ მათ მოქმედი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად არ შეეძლოთ არასრულწლოვანი შვილის ქონების განკარგვა. მათ აღნიშნულის შესახებ ეჭვი გაუჩნდათ მოგვიანებით და დაიწყეს ბრძოლა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.
საქმესთან დაკავშრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართეს 7-ჯერ, თუმცა სასამართლომ არცერთხელ არ მიიღო საქმე წარმოებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახმა კიდევ ერთხელ სცადა სასამართლო გზით დარღვეული უფლების აღდგენა, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მოხდა საქმის წარმოებაში მიღება, რომლითაც მოთხოვნილია იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აღნიშნულ საქმეზე 2-ჯერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ასევე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, რომელთა შესაბამისადაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მიეცა რეკომენდაცია, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით შეეჩერებინა აღსრულების პროცესი. ასევე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ინფორმაცია დაგზავნილი იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის სახელზე, წერილი გაეგზავნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, რომელსაც ეთხოვა მოეხდინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენება და არასრულწლოვანის კანონიერი უფლებებისა და ინეტერესების დაცვის მიზნით შეეჩერებინა გამოსახლების პროცესი გ. კახურაშვილის სრულწლოვანებამდე. წერილები ასევე, დაეგზავნათ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაგანაც მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამჯერად, სამართლიანობისა და არასრულწლოვანის დარღვეული უფლების აღდგენის ნაწილში ჯერი სასამართლოზეა. საქმეს განიხილავს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი, რომელმაც მოწოდებული ინფორმაციით 2-ჯერ თქვა უარი საქმისწარმოებაში მიღებაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველოში ძალაშია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია. კონვენციის მე-3 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, ... უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, ასევე კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას“, ხოლო კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, „მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად“, ამავე კონვენციის 36-ე მუხლის შესაბამისად „მონაწილე სახელმწიფოები ბავშვს იცავენ ექსპლუატაციის ყველა სხვა ფორმისაგან, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის კეთილდღეობის ნებისმიერ ასპექტს“.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და ბეჭდური თუ ტელე მედიის წარმომადგენლებს, დაესწრონ სასამართლო განხილვებს და განახორციელონ მათი მონიტორინგი. თითოეული ასეთი პირის როლი იქნება მნიშვნელოვანი საქმის გამჭვირვალობისა და საქმეზე სამართლიანი შედეგის მისაღებად. პრაქტიკულად საქართველომ უნდა ჩააბაროს ტესტი, ტესტი იმისა თუ რამდენად ასრულებს ის საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს და რამდენად იცავს მის იურისდიქციაში მყოფ არასრულწლოვანს.