ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სწრაფი და ეფექტური სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერსიდან გამომდინარე, მკაფიო განმარტებებს მოითხოვს 12 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ეძლეოდათ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი და არსებობდეს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა, რომელი თანამდებობის პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგას ე.წ. „კანონიერი ქურდების“ საქართველოში თავისუფალი გადადგილების ხელშეწყობისთვის, რა შესაძლო თანამშრომლობა არსებობდა ე.წ. „კანონიერ ქურდებსა“ და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის და ამჟამად, რა მდგომარეობა არსებობს დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის მიმართულებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2008 წელს საქართველოში შემოვიდა 3 ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და მას მფარველობდა წინა ხელისუფლება, 2009 წელს -5, 2010 წელს - 1, 2011 წელს -2, ხოლო 2012 წელს -1, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ორგანიზაციამ 2014 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე, შეაფასა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების სტრატეგია და მიდგომა ე.წ. „ქურდული სამყაროს“ მიმართ, რომლის მიხედითაც, მკაფიოა ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელთა სამართლებრივი დევნისა და პასუხისმგებლობის მიმართ. თუკი 2008-2012 წლებში, ხელისუფლება არ აკეთებდა შესაბამისს რეაგირებას ქვეყანაში ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შემოსვლა-გადაადგილების მიმართულებით, სტატისტიკური მონაცემებით, ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით, 2013-2014 წლებში, სულ 15 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი მიუთითებს ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების ე.წ. „ქურდული სამყაროს“ მიმართ შეურიგებელ მიდგომაზე, რაც პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხთან.