ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც სამედიცინო პროდუქტის ქართულ ენაზე დართული ანოტაციით რეალიზაციის სამართლებრივი რეგულაციის შესახებ იმსჯელეს. საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება სწორედ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მოამზადა. საუბარი შეეხო კანონპროექტის ფორმულირებას. როგორც თედო კობახიძემ აღნიშნა, პრობლემა მხოლოდ ანოტაციის დონეზე არ დგას, რადგან კანონმდებლობის საკითხში, მთელი რიგი ჩანაწერია გამოსასწორებელი. მისივე თქმით, ანალოგიური შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და საბოლოო ჯამში, დაზუსტდება კანონპროექტი, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა უფლებებზე.
საკითხზე სადისკუსიო შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - ორგანიზაცია ,,ერთიანობა საზოგადოების განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი, თინათინ ტურძელაძე, პროექტის ფარგლებში სოროსის ფონდის დაინტერესებული პირი თიკო ცომაია და ორგანიზაცია ,,ჯანმრთელი სამყაროს“ წარმომადგენელი ზურაბ ფუტკარაძე. მედიკამენტების ქართულ ენაზე ანოტაციით რეალიზებასთან დაკავშირებით, მხარეებმა საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
კანონპროეტქის საბოლოო, შეჯამებული ვერსია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება.