ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სპეციალიზირებული მოსამართლეები უნდა დაინიშნოს

20 აპრილი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, სასამართლო სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის დაბრუნებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეს გადაწყვეტილებების დაჩქარებისთვის მიმართავს და სასამართლო რეფორმის პროცესში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, შესამჩნევია პოლიტიკური სასამართლოდან სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია დაჩქარდეს სასამართლო სისტემაში არსებული მთავარი და ძირითადი პრობლემური მხარეების იდენტიფიცირება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს საერთო სასამართლოებში არსებულ იმ გამოწვევებს, რომლის მოგვარებაც პრიორიტეტული საკითხები უნდა გახდეს.

  1. უნდა დაიწყოს კომპლექსური მიდგომა სასამართლო სისტემაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის - დავების განხილვისთვის კანონით დადგენილი საპროცესო ვადების დარღვევებზე რეაგირების მიზნით და სასამართლო ხელისუფლების ეფექტური მუშაობისთვის, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურული ბაზა, რომელიც ქართულ მართლმსჯაულებაში ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას რეალურად დაეხმარება. საერთო სასამართლოებში, თითქმის ყველა დავის განხილვისის პროცესში, მოსამართლეები არღვევენ კანონს, როდესაც საქმეზე გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხერხდება დავის განხილვისთვის დადგენილ საპროცესო ვადების დაცვით.
  2. სასამართლო სისტემაში პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეთა სიმცირე. ერთ მოსამართლეს, განსახილველად, 150-ზე მეტი საქმე გააჩნია. რეალურად უნდა ამოქმედდეს სამოსამართლო რეზერვის ინსტიტუტის გამოყენება. უნდა დასაქმდეს რეზერვში მყოფი მოსამართლეები. სასამართლო სისტემა უნდა განვითარდეს ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებისა და განვითარების გზით.
  3. მართლმსაჯულების სისტემაში, საქმეთა განხილვის პროცესში, უნდა დასრულდეს  „პრივილეგირებული“ და „რიგითი“ მოსამართლეების არსებობა, როდესაც წარსულში, არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არც მისი მოადგილეები, არც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარეები არ ახდენდნენ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას. არ არსებობს პრაქტიკა, სასამართლოში შესული საქმე რომელიმე მათგანს განეხილოს.
  4. უნდა დაჩქარდეს ეროვნული მოდელის და სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას, გადაისინჯოს საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
  5. უნდა დაჩქარდეს მოსამართლეთა დისციპლინარული წესით დევნის მექანიზმის შექმნა. სასამართლო სისტემაში გატარდეს მნიშვნელოვანი საკადრო და ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებები. დაიწყოს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების ამაღლება, რაც სასამართლო სისტემაში, პირდაპირ გამორიცხავს კორუფციის არსებობას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ახალი ინიციატივით მიმართავს და ქვეყანაში „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესის მიმართ, სასამართლო ხელისუფლების რეალური მზაობისთვის, სპეციალიზირებული მოსამართლეების დანიშვნას მოითხოვს. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეები, რომელიც ეხება 2003-2012 წლებში, მოქალაქეთა მიმართ საკუთრების უფლების ძალადობრივი გზით დათმობას, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს, აუცილებელია განხილულ იქნეს მხოლოდ იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებსაც წარსულში, აღნიშნულ საქმეებთან შემხებლობა არ ჰქონიათ. თუკი საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ და დეპარტამენტი დაკომპლექტდა ახალი შემადგენლობით, მნიშვნელოვანია სასამართლოში შესული ქონებაჩამორთმეულთა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებიც მოსამართლეთა სხვა შემადგენლობამ განიხილოს. მიგვაჩნია, რომ ამით ადგილი ექნება ამ საქმეთა განხილვის თვისობრივად ახალ სტანდარტს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო სისტემაში გასატარებელი რეფორმის შესახებ წინადადებათა ვრცელ ნაწილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გადაუგზავნიან. ორგანიზაცია სასამართლო ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის ფორმატში, თანამშრომლობას გააგრძელებს.

 



კომენტარები