ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2004-2014 წლებში, ჩუქების ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ ან მიტოვების ფორმით, გადაცემული ქონებების, წილების, აქციებისა და ავტომობილების შესახებ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, გამოკვეთილია ღია ტენდენცია, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს სასარგებლოდ, მასობრივად თმობდნენ საკუთრების უფლებას, სხვადასხვა ქონებებთან დაკავშირებით ფორმდებოდა ჩუქების ხელშეკრულებები და სხვადასხვა სამართლებრივი შეთანხმების ფორმით, სახელმწიფოს ხელში ქონებები გადადიოდა უსასყიდლოდ. მონიტორინგის შედეგად, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი - 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ან/და მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი - 477, აბაშა - 116, ბათუმი - 97, ჩოხატაური - 84, ხელვაჩაური - 76, მცხეთა - 65, ხონი - 48, ხოლო საკუთვრივ თბილისში, 2004-2012 წლებში, დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში, სრულადაა წარმოდგენილი დათმობილი ქონებების პერიოდი, საკადასტრო კოდი და მისამართები. რაც შეეხება დათმობილ წილებს/აქციებსა და ავტომობილებს, ინფორმაციაში ამის შესახებ მხოლოდ სტატისტიკური მომაცემებია მოტანილი.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, აგრეთვე მოითხოვა ინფორმაცია, თუ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის მდგომარეობით, რამდენმა მოქალაქემ ჩუქების ხელშეკრულებით ან სხვა სამართლებრივი ფორმით, დათმო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ და რამდენი მიტოვებული ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ორგანიზაციის მიმართ, გამოხმურების წერილში ნათქვამია, რომ „ფიზიკური პირების მიერ ჩუქების ხელშეკრულებიტ ან სხვა სამართლებრივი ფორმით სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე და აგრეთვე სტატისტიკურ ინფორმაციას მიტოვებული ქონების შესახებ, რომელიც დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია არ მოიპოვება“.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ცალსახად შეუძლებელია ითქვას, რომ 2004-12 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ქონებები, წარმოდგენდა საკუთრებების ჩამორთმევის შემთხვევებს, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიღებულ სიკეთეებს, ვინაიდან შესწავლილ ინფორმაციაში, დათმობილი ქონებების მიზეზებსა და მოტივაციაზე, საუბარი არ არის. მიუხედავად ამისა, თვალსაჩინოა საკუთრებების დათმობისა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის მასობრივი ხასიათი და ტენდენცია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, „ქონებაჩამორთმეულთა საქმეები“ გახდა ტერმინი, რომელიც 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, სწორედ საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე მიუთითებს, ვინაიდან არაერთი ფაქტით იქნა დადასტურებული, რომ 2006-2012 წლებში, მოქალაქეებმა და კერძო იურიდიულმა პირმა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქეს ქონებები და საკუთარი კომპანიის წილები, რაშიც სახელმწიფოს ზეწოლის ნიშნები იკითხება.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2014 წლის 15 დეკემბერს მიმართა. მოთხოვნილი ინფორმაცია 2014 წლის 31 დეკემბერს, სრულად გასცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. 2015 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, ორგანიზაციამ მიღებული ინფორმაცია სრულად შეისწავლა.