ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ დაფუძნდა. ალიანსის წევრი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში, მიიღონ პირდაპირი მონაწილეობა. ალიანსი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ქვეყნის ევროკავშირის წევრობამდე პერიოდში, მხარს დაუჭერს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას და აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოქვეყნეს სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტი. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ დემოკრატიული რეფორმები უნდა გააგრძელოს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხალხის მმართველობა გაითვალისწინოს:
- დაიწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა, გაძლიერდეს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობა, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი რეფორმების გზით, მყარი გახდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, მმართველობის სისტემამ უზრუნველყოს კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა და არჩევითი დემოკრატიის მიმართ ერთგულება;
- პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში, უზრუნველყოფილ იქნეს ხალხის რეალური თანამონაწილეობა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს საზოგადოების პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის პროცესშიც და გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლი დემოკრატიული რეფორმების მიმართ;
- საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, მნიშვნელოვანია სწრაფი ცვლილებები განახორციელოს, რომელიც შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში აუცილებელ რეფორმებს დააჩქარებს.
- საქართველოს პარლამენტმა, გონივრულ ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ეროვნული სამართლებრივი სივრცის ახალ, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საქართველოს სასამართლო სისტემა უნდა გახდეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის შემომტანი, სადაც მხარეთა თანასწორუფლებიანობა და შეჯიბრებითობა იქნება პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებელი. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური ნების მართლზომიერების შემოწმება და რეალური არბიტრის როლის შესრულება;
ალიანსი პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს მუშაობას შემდეგი მიმართულებით: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან ასოცირებისათვის კანონით განსაზღვრულ საკითხების იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განხორციელება, საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირთან ასოცირებით მოსალოდნელ ფაქტორებზე, საკანონმდებლო ინიციატივების ლობირება ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების შესახებ. დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა. ალიანსის საქმიანობას მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფიც პოლიტიუკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სამართლებრივი სფეროებიდან, რომელთა წინადადებებიც გათვალისწინებულ იქნება მუშაობის პროცესში.
ალიანსის დამფუძნებელია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ხოლო დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციები: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ /ნოდარ ჭიჭინაძე/, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ /თამარ ბაღათურია/, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ /ლაშა გიორგაძე/, „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ /გიორგი ჭულუხაძე/, „ახალი ინიციატივა“ /გიორგი ზოიძე/, „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის“ /ალექსანდრე ახალკაცი/, „ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა“ /ზურაბ ქადაგიძე/, „პოზიცია“ /გურამ ადამაშვილი/, „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“ /შალვა სარდალიშვილი/, „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ /ანანო წიკაიშვილი/, „საქართველოს ეკონომიკური და საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი” /ნიკა შათირიშვილი/.
ალიანსი იქნება მუდმივმოქმედი თემატური გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ალიანსის წევრობისთვის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციით საჭიროა უშუალოდ იყოს აღიარებული ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერა და ორგანიზაციის ბიოგრაფია უნდა ეხებოდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული აქტიურობების არსებობას.