ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობაში, 2015 წლის 1 მაისს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს მდგომარეობას, დაირღვა თუ არა კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის კანდიდატურად წარდგენილ იქნა თინათინ ხიდაშელი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა“. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ხოლო „ახლო ნათესავში“ პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ რომელი უფლებამოსილების მქონე პირი ითვლება საჯარო მოხელედ. კერძოდ, კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურს ეწევა: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ბ) მოხელე, გ) დამხმარე მოსამსახურე და დ) შტატგარეშე მოსამსახურე. მინისტრი, მოცემულ შემთხვევაში, არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და არა საჯარო მოხელე, თუმცა სამართლებრივი ბუნებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირიც და მოხელეც, ახორციელებენ საჯარო სამსახურს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას უთმობს შემდეგ საკანონმდებლო აქტებსა და მათში ასახულ ნორმებს. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს“. პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის პრეროგატივას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა. აგრეთვე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, „ანგარიშვალდებულება“ არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც დაქვემდებარება ვისიმე ან რაიმეს წინაშე. საქართველოს პარლამენტს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით შეუძლია განახორციელოს მთავრობის საპარლამენტო კონტროლი, რომელიც არ მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება და ა.შ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არის საქართველოს პარლამენტის, როგორც კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო კონტროლს, ის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წარმართავს და უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის მუშაობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. პარლამენტის თავმჯდომარე არ არის მთავრობის წევრის - მინისტრის უშუალო ზედამხედველი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შემთხვევის კანონთან შეუსაბამობის საკითხი მოხსნილია და არ იკვეთება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ თინათინ ხიდაშელის საქართველოს თავდაცვის მინისტრის კანიდატურად დასახელება წინააღმდეგობაში არ მოდის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებთან, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოსაზრებით, შესაძლებელია დისკუსიის საგანი გახდეს დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, რამდენად მისაღები იქნება ევროპული დემოკრატიის გზაზე მდგომი სახელმწიფოსათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ხომ არ შეუშლის ის ხელს პარლამენტს, ეფექტურად განახორციელოს მთავრობის საპარლამენტო კონტროლი. როდესაც მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, პარლამენტის თავმჯდომარე არ არის მინისტრის უშუალო ზედამხედველი, მაინც რამდენად უნდა განვითარდეს ქვეყანა ასეთი პრეცედენტების გზით.