ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდმინარე, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ინტერნეტ ბაზარზე არსებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებთან დაკავირებით, შესწავლის დაწყებისკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კონკურენციის სააგენტომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, დაიწყოს ინტერნეტ-ბაზარზე არსებული სუბიექტების კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან მიმართებით, რომელიც პირდაპირ კრძალავს ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015 წლის მარტიდან, ინტერნეტ-ბაზრის მფლობელებმა, მნიშვნელოვნად გაზარდეს მომსახურების ტარიფი, ცალმხრივად დაირღვევა მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები, კომპანიების მხრიდან, მოქალაქეების მიმართ, არ მომხდარა მომსახურების ღირებულების გაზრდის საჭიროების დასაბუთება. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რაც მიუთითებს ინტერნეტ-ბაზარზე არსებული კომპანიების მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომლის შესწავლაც, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაა.
ნინო ისაკაძის განცხადებით, მართალია, კანონით, ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება, მაგრამ დღეისათვის, საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე, რამდენიმე ათეული კომპანია ოპერირებს და მათგან ბაზრის 60%–ს, კომპანიები „კავკასუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ ფლობენ. უნდა დადგინდეს, რამდენად კანონიერია ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან მომსახურების ტარიფების გაზრდა. ვინაიდან ფასები მუდმივად იზრდება და კომპანიები ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებენ, როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე არსებული და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ განმარტებებს მაინც არავინ ახდენს, თუ კონკრეტულად, რა იგულისხმება შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში. თუ ამაში ლარის კურსის ცვლილება იგულისხმება, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ პროვაიდერები ინტერნეტს, ძირითადად, ევროში ყიდულობენ, ხოლო ევრო ლართან მიმართებაში, ფაქტობრივად არ გაუფასურებულა.
„ახალგაზრდა ადვოკატების" დაკვირვებით, ს.ს. „სილქნეტსა" და „კავკასუს ონლაინის" ბაზარზე არსებული, პრაქტიკულად მონოპოლიზებული მდგომარეობა, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები ექცევა კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე დადებული ფარული შეთანხმების ქვეშ, შესაბამისად ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან ადგილი აქვს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს. საკითხის ანალიზი ცხადყოფს, რომ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ტარიფების პერმანენტული ზრდის პირობებში, არ არსებობს შეღავათიანი ტარიფების შეთავაზების სისტემა იმ მომხმარებელთა მიმართაც კი, რომლებიც წლების განმავლობაში, ერთგულ მომხმარებლად ითვლებიან, თუმცა, არსებული რეალობით, მომხმარებელს სხვა არჩევანის საშუალება არ რჩება, რადგან ამ სფეროში კონკურენცია შეზღუდულია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაა. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად, შეიძლება ჩაითვალოს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა. აქედან გამომდინარე, ინტერნეტ ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს პირდაპირ უფლებამოსილელებში შედის და მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან დროული რეაგირება ამ მიმართულებით.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში რეკომენდაციით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა მომხდარიყო ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილე კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობის შესწავლა, კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე ფარულ შეთანხმებებს არ დაეზარალებინა მომხმარებლის უფლებები და მოქალაქეებს საშუალება მისცემოდათ, იაფი ინტერნეტ-პაკეტის მიმართ, არჩევანის თავისუფლებით ესარგებლათ, მაგრამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია.