ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, პროკოფი პატარაიას ეწვივნენ და ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან ერთად, 93-ე დაბადების დღეც მიულოცეს. შეხვედრა სამახსოვრო იყო ემოციური, საინტერესო, ცხოვრებისეული და საბრძოლო ისტორიებით. პროკოფი პატარაიამ ორგანიზაციის თანამშრომლებს საკუთარი ცხოვრება გააცნო - დაიბადა 1922 წლის 9 მაისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში. 1941 წლის 26 ნოემბერს, 19 წლის ასაკში, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო 808-ე პოლკში, მარუხის უღელტეხილზე. სწორედ მარუხის უღელტეხილიდან გადაინაცვლა მაშინდელი ჩეხოსლავაკიის ქალაქ სენიცაში, სადაც საბრძოლო მოქმედებებით, მეორე მსოფლიო ომიც დასრულდა. პროკოფი პატარაიამ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა არმიაში, კიდევ სამი წელიწადი გააგრძელა სამსახური. შემდეგ დაბრუნდა თბილისში და სწავლა, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით, გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროკოფი პატარაია 22 წლის განმავლობაში ემსახურებოდა თბილისში საცხოვრებელი სახლებისა და სკოლების მშენებლობის საქმეს. არის სპორტის სასახლის მშენებლობის აქტიური მონაწილე, რის გამოც, დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით. მას ჰყავს 3 შვილი, 6 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ორგანიზაციის სახელით, პროკოფი პატარაიას მადლობა გადაუხდა განვლილი საბრძოლო ცხოვრებისა და თავდადებისთვის. „თქვენ ხართ გმირი და მაგალითი, თუ როგორ შეუძლია შეცვალოს ერთმა ადამიანმა მსოფლიო. თქვენი მაგალითით უნდა ვიცხოვროთ, რათა თანამედროვე სამყაროში, თავისუფლების იდეა, მუდმივად დაცვის ქვეშ გვქონდეს“ - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა და ოჯახს შეხვედრის შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის: 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოს 1945 წლის 9 მაისი საკმაოდ დიდ მსხვერპლად დაუჯდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას საქართველოდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 200 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასი ათასზე მეტი კი ხეიბარი დაბრუნდა. საქართველოს, 2015 წლის მდგომარეობით, მეორე მსოფლიო ომის 1719 ვეტერანი შემორჩა.