არასამთავრობო ორგანიზაციები „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის 2005-2015 წლების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძემ და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, 2015 წლის 10 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2005 წლის 23 თებერვალს კონსტანტინე კუბლაშვილი არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რითაც მას ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა დაეკისრა. თუმცა, აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მართლმსაჯულების სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა ცხადყო, რომ კონსტანტინე კუბლაშვილმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ/არ შეასრულა.
2005-2015 წლებში, სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო მოქცეული და ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დავალებების შესრულების იარაღად იყო ქცეული, რამაც მართლმსაჯულების სისტემის რღვევა და ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების მასობრივი ხელყოფა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კონსტანტინე კუბლაშვილის მმართველობის პერიოდში, პენიტენციალურ დაწესებულებებსა თუ მის გარეთ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რომელშიც მთავარი კატალიზატორის როლს სასამართლო ასრულებდა, ვინაიდან კანონით მინიჭებული რეგულაციების ფარლებში, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, სწორედ სასამართლო ხდება საბოლოო გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილების მქონე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების ერთადერთ ორგანოს წარმოადგენს.
ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს არაერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო უფლებადაცვითი ინსტიტუტებისა თუ ორგანიზაციათა დასკვნები და მოსახლეობაში გაჩენილი არაერთი საპროტესტო ტალღა, ჩნდება ნათელი სურათი, რომ საქართველოში, სასამართლო სისტემა გამართულად არ მუშაობდა, რაც ევროპის მასშტაბით, ქართული მართლმსაჯულების კრიტიკის საგნად იქცა. ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში: „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, მათ შორის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოები - არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებით, შეთანხმებულად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელი შეეშალათ.
სამწუხაროდ, გირგვლიანის საქმე ერთადერთი არაა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კუბლაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს სასამართლოების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობასა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამოტანაზე აპელირებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაშინებისა და ზეწოლის გამო გაურბოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საჩივრების გაგზავნას ან სახელისუფლებლო რგოლების იძულებით, უკანვე ხდებოდა გაგზავნილი საჩივრების გამოთხოვა.
კონსტანტინე კუბლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში, ტენდენციად ჩამოყალიბდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება. ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და სასამართლოს ბოლო ინსტანციამ არსებობა მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნა. სასამართლო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, პროკურატურის ნოტარიუსად ჩამოყალიბდა, როდესაც 2007-2009 წლებში, გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობამ სტატისტიკურად 0.1 % შეადგინა და ქვეყანაში ასეულობით პოლიტპატიმარი გაჩნდა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლოს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვინაიდან ადამიანის უფლებათა დაცვით სფეროში, სწორედ მას აკისრია გარდამტეხი ფუნქცია და პოზიტიური ვალდებულება, რომ სათანადო ქმედებით უზრუნველყოს პროცესის მონაწილე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვა, თუმცა, ფაქტების შესწავლის საფუძველზე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლო 2005-2015 წლებში, არ იდგა ისეთ სიმაღლეზე, რომ სათანადოდ დაეცვა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და თავისი უმოქმედობით, პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობდა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან სისტემური დანაშაულების ჩადენასა და პატიმართა მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის დამკვიდრებას საქართველოში. აღნიშნული საკითხის სამართლიანად გადასაჭრელად კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ინსტიტუციურად, განსაკუთრებით ძლიერი მექანიზმი გააჩნდა და ამ პირობებში, შეუძლებელია, უარყოფითად არ იქნეს შეფასებული მისი ათწლიანი საქმიანობა.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის ქმედებები ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს მკაცრ შეფასებას, ვინაიდან მისი საქმიანობა, სავარაუდოდ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს გამოძიებას და დანაშაულებრივი ქმედების დადასტურების შემთხვევაში, მისთვის შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ლეგიტიმურობისა და ნდობის მაღალი ხარისხის მქონე სუბიექტს და აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს, რათა წლების განმავლობაში, სისტემური ხასიათის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები იქნეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიებული და იმ პერიოდში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მყოფი კონსტანტინე კუბლაშვილი, როგორც მართლმსაჯულების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებაზე ზედამხედველი პირი, კანონის წინაშე იქნეს პასუხისმგებელი.