ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს, მომზადდეს ამნისტია, რომელიც ერთჯერადად განხორციელდება იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებსაც სამშენებლო სამუშაოები პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ნებართვის გარეშე, 2015 წლის 1 იანვრამდე აქვთ წარმოებული.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ლევან ბერაძის განცხადებით, სახელმწიფომ ობიექტურად უნდა შეაფასოს ფიზიკური პირების შემთხვევაში, უნებართოდ განხორციელებული მშენებლობების პრობლემური საკითხი, რომელიც, დედაქალაქის მთავრობის წინაშე, მწვავედ დგას 2007 წლიდან და ახლაც გადაუჭრელ საკითხად განიხილება დედაქალაქის თვითმმართველობისთვის. შესაბამისად, ამნისტიის შემთხვევაში, აუცილებელია ორმხრივად იქნეს დაცული სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიც, ხოლო შედეგის თვალსაზრისით, ახალი რეგულაციები, შესაძლებლობას გააჩენს, სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, ზედამხედველობის ორგანოების მხრიდან, კონტროლი უფრო ეფექტური გახდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით, უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების ახალი წესი უნდა იქნეს შემოღებული. ობიექტი ან მისი ნაწილი, რომელიც აშენებულია სპეციალური ნებართვის გარეშე ან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით, ან მშენებლობა დაწყებულია 2015 წლის 1 იანვრამდე და მშენებელ ფიზიკურ პირებს არ გააჩნიათ მშენებლობის შესაბამისი ნებართვა ან/და ასეთი ობიექტების მშენებლობის დასრულება არ გამოიწვევს არქიტექტურული პროექტის ცვლილებას, სახელმწიფომ უნდა დათმოს და განხორციელდეს აშენებული/მშენებარე ობიექტების ლეგალიზაცია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სახელმწიფოში არსებული ვითარებისა და პრობლემური საკითხის ანალიზის გათვალისწინებით, უკანონობის აღმოფხვრის უკიდურესი ფორმა უნდა იყოს დემონტაჟი და ეს ზომა გამოყენებული უნდა იქნეს იმ შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მიგვაჩნია, რომ ობიექტურად შეფასდეს ყვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფიზიკურ პირებს მიეცეთ საშუალება პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ნებართვის გარეშე და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება განახორციელონ.
დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გარეშე ან პროექტის დარღვევით აგებული შენობა-ნაგებობის ან მასზე განხორციელებული მიშენების მიმართ გამოიყენება სხვადასხვა სახის ზომები, თუმცა მოცემულ ეტაპზე, სახელმწიფო გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს და ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება უკანონო მშენებლობების მიმართ დააწესოს გარკვეული სტანდარტები, რომელთა დაკმყოფილების შემთხვევაშიც, მოხდება მათი დაკანონება, რითაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეღავათს მიიღებს.
ცნობისთვის: ანალოგიური აქტი საქართველოში განხორციელდა 2007 წელს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა მიიღო 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულება „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“.