„პანორამა - თბილისის“ იურიდიული სიკეთეების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი უნდა დაიწყოს

14 მაისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ: „პანორამა თბილისის“ განხორციელებასთან დაკავშირებით, ყურადღებას დაუთმობს ინიციატივის სამართლებრივ დასაბუთებას და პროექტის იურიდიულ სიკეთეებს, რომელიც მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობების საკითხს ეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, პროექტის სამართლებრივი შეფასებისა და ანალიზის დროს, მხედველობაშია მისაღები განმახორციელებელი ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი, შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისობა მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან, გარემოსდაცვითი ნორმატიული აქტების გამოყენებისა და სართაშორისო დირექტივების მიმართ პროექტის თავსებადობის საკითხი. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებებით, საზოგადოებას გააჩნდეს სათანადო ინფორმაცია, ვინაიდან არასწორმა დისკუსიამ, შესაძლებელია, მხოლოდ პროექტის ნაკლოვანი მხარეები გამოკვეთოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „პანორამა-თბილისი“, სამართლებრივი რისკებით, დასაბუთებული პროექტია და მისი განხორციელების იურიდიული მხარე არ ტოვებს ცალკეულ კითხვებს. კერძოდ, ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს, კერძო სამართლის იურიდიულ პირს „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ სახით, რომელიც არ არის რეგისტრირებული რომელიმე ოფშორულ ზონაში, რაც თავიდანვე გამორიცხავს განმახორციელებელი ინვესტორის მიმართ კითხვებს და ზრდის პროექტის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სამი წლის მანძილზე, განსაზღვრულია ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ახალი შრომითი კონტრაქტების დადებას. პროექტის წარმატებული მხარეა შრომითი ხელშეკრულებები, რომლის დაცვის გარანტიებს, საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა იძლევა. აგრეთვე, პროექტის ძლიერი მხარეა გარემოსდაცვითი ნორმატიული აქტების დაცვით, ცალკეული სამუშაოების წარმოება, თუმცა ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით იქნეს დაცული სამშენებლო ტერიტორიის ფარგლები, რათა ყოველი ხის მოჭრა, ზუსტად უნდა პასუხობდეს პროექტის განხორციელების მიზნებს. პროექტით დათვლილია, რომ საერთო ჯამში, უნდა მოიჭრას 126 ძირი ხე, თუმცა ამავე პროექტით, განსაზღვრულია 30 ათასს ძირზე მეტი ხის დარგვა, რაც რეკრიაციული ზონის სტატუსს აამაღლებს. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ძველი თბილისის უბნების ისტორიულ მნიშვნელობას და პროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის იუნესკოს სტანდარტებთან. ამ მიმართულებით, ყურადღებას იპყრობს პროექტის კრიტიკოსთა ერთი ნაწილის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, იუნესკო თბილისის აღნიშნულ უბანს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღარ აღიარებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროექტის მიმართ, ასეთი მიდგომები, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია, რადგანაც იუნესკომ, ჯერ კიდევ 2001 წელს განაცხადა ოფიციალური უარი დედაქალაქის ამ ნაწილის მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებაზე, რომლის მიზეზადაც, არქიტექტურულად შეუსაბამო მშენებლობების წარმოება დასახელდა. შესაბამისად, „პანორამა - თბილისის“ განხორციელება, არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებთან მოდის წინააღმდეგობაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას, დედაქალაქის ტურისტული შესაძლებლობების გაზრდისთვის, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს ყველა სამართლებრივი სტანდარტის დაცვით. პროექტს თვალსაჩინო შედეგი უნდა ჰქონდეს, მოსახლეობის დასაქმებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება მოხდება, კერძო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მიერ, რაც ცალსახად გამორიცხავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას, პირიქით, სახელმწიფო ბიუჯეტი, პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვან სიკეთეს მიიღებს და პროექტი ერთ-ერთი შესაძლებლობაცაა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ პროექტის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის საფუძველზე, საჭიროა მისი სამართლებრივი და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ, ინფორმაცია ხელმისწავდომი აღმოჩნდეს თითოეული მოქალაქისთვის. საზოგადოების მხრიდან ერთგვარი მონიტორინგის განხორციელებით, აუცილებელია მოხდეს ნებისმიერი ხარვეზისა და შეცდომების პრევენცია. ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, დედაქალაქისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის გაცნობის მიზნით, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მომზადდეს საინფორმაციო ფორუმი.



კომენტარები