საქართველოს ძალისხმევა, ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხზე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს

18 მაისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ძებნილ პირთა უცხო სახელმწიფოდან საქართველოში და საქართველოდან უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შესახებ არსებულ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაცია საქართველოს ძალისხმევას ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით, პოზიტიურად აფასებს და ამ მიმართულებით, სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტოს მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, შესწავლილ იქნა ინფორმაცია 2010-2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შემდეგი საკითხების დადგენა: მსჯავრდებულ პირთა ექსტრადიციის თაობაზე, საქართველოს რომელ ქვეყნებთან გააჩნდა მოლაპარაკება, რამდენი მსჯავრდებული გადაეცა საქართველოს, ასევე, რომელი სახელმწიფოები მოითხოვენ საქართველოსგან მსჯავრდებულთა გადაცემას და მოცემულ ეტაპზეც, რომელი უცხო ქვეყნები მოითხოვენ საქართველოდან მსჯავრდებულთა ექსტრადიციას და რომელ ასეთ ქვეყნებთან გააჩნია საქართველოს ექსტრადიციის საკითხზე მოლაპარაკებები.

  • 2010-დან 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქართველოში ექსტრადირებულ იქნა 111 ძებნილი პირი.
  • 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები განიხილავდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 52 ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს;
  • 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, საქართველო განიხილავდა 54 პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხს. ხსენებული პროცედურები ინიცირებულ იქნა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 6 თებერვლის დროის მონაკვეთში.
  • 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის შესახებ განიხილავდნენ შემდეგი 16 სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები: რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, მოლდოვას რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, უკრაინა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, იტალია, გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა,
  • 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განიხილავდა ძებნილ პირთა შემდეგ 15 სახელმწიფოებში ექსტრადიციის საკითხს: უკრაინა, სომხეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, პოლონეთის რესპუბლიკა, რუმინეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, აშშ, ბელგიის სამეფო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე, 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით, საქართველოში, ძებნილ პირთა გადმოცემის შესახებ, 19 უცხო ქვეყნიდან სრულად იქნა დასრულებული საექსტრადიციო პროცედურები, ხოლო დროის აღნიშნულ მონაკვეთში, თავად საქართველომ 20 სახელმწიფოსთან მოახდინა მსჯავრდებულთა ექსტრადირება. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო, დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს სტანდარტების დაცვით ასრულებს, რაც ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ნდობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

            



კომენტარები