საერთო სასამართლოების სისტემაში, ხუთი მოსამართლე, საქმიანობას 10-წლიანი ვადის გასვლის მიუხედავადაც აგრძელებს

19 მაისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების განმარტებებისკენ მოუწოდებს, რომლის თანახმადაც, საერთო სასამართლოების სისტემაში, მოქმედ ხუთ მოსამართლეს, 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ, მოსამართლედ საქმიანობის პერიოდი გაურკვეველი ვადით გაუხანგრძლივდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მუსერიძის 2014-2013 წლებში მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სულ ხუთ მოსამართლეს, 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულების შემდგომ, საქმიანობის პერიოდი გაურკვეველი დროით გაუგრძელდათ. აღნიშნული მოსამართლეები არიან თბილისის საქალაქო სასამართლოდან: კობა გოცირიძე, ნინო ონიანი, ზვიად ესებუა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოდან: ლეილა მამულაშვილი და ნანა კობახიძე. მათ რიცხვში იმყოფებოდა მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილიც, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოსამართლეებისთვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ საქმიანობის გახანგრძლივება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება არ არის. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს ტენდენციაზე, როდესაც არ ხდება მოსამართლის სარეზერვო სისტემის ამოქმედება და მოსამართლის ინდივიდუალური როლის გაზრდა. კანონით, მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა შესაძლებელია გაეზარდოს, თუკი ვადის გასვლის დროს, განიხილავს მიმდინარე საქმეებს, თუმცა საკითხის შესწავლამ გამოკვეთა, რომ გახანგრძლივებული უფლებამსოილების მქონე მოსამართლეები, არამხოლოდ წარმოებაში არსებულ საქმეებს განიხილავენ, არამედ მათ ეწერებათ ახალი საქმეებიც, რაც სამოსამართლო უფლებამოსილების გაგრძელების პრინციპებს ღიად ეწინააღმდეგება და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, მოსამართლე, რომელსაც 10-წლიანი უფლებამსოილების ვადა გაუვიდა, საქმის განხილვის ტემპიდან და სიმრავლიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემაში კვლავ მრავალი წელი საქმიანობდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შეისწავლეს ზემოაღნიშნული მოსამართლეების სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულების, უფლებამოსილების გაგრძელებისა და ამჟამად წარმოებული საქმეების მდგომარეობა.

  1. ნინო ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2005 წლის 3 მაისიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 5 ივლისს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ნინო ონიანი განიხილავს 37 საქმეს.
  2. კობა გოცირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2009 წლის 9 ნოემბრიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 5 ივლისს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, კობა გოცირიძე განიხილავს 13 საქმეს.
  3. ზვიად ესებუა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2007 წლის 15 ივნისიდან მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 23 დეკემბერს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ზვიად ესებუა განიხილავს 59 საქმეს.
  4. ლეილა მამულაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2003 წლის 26 ივნისიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 22 ივლისს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ლეილა მამულაშვილი განიხილავს 4 საქმეს. აღნიშნულ მოსამართლეს, ბოლო საქმე განსახილველად გადაეცა 2013 წლის 24 ივნისს.
  5. ნანა კობახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2004 წლის 15 დეკემბრიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2014 წლის 15 დეკემბერს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ნანა კობახიძე განიხილავს 62 საქმეს, 10 კერძო საჩივარს და 10 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს. აღნიშნულ მოსამართლეს ბოლო საქმე განსახილველად გადაეცა 2014 წლის 11 დეკემბერს.
  6. მიხეილ ბებიაშვილი, რომელიც, მართალია, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2014 წლის 12 ნომბერს, მაგრამ წარმოადგენდა იმ მოსამართლეთა შორის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა 2013 წლის 30 სექტემბერს. მიხეილ ბებიაშვილს ბოლო საქმე განსახილველად გადაეცა 2013 წლის 27 აგვისტოს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება, ცალკეულ შემთხვევებში მიღებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს, ცალკეულ შემთხვევებში კი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს. გადაწყვეტილებებში წერია, რომ მოსამართლეებს უფლებამსოილება უხანგრძლივდებათ დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე.

 


კომენტარები