კონკურენიის სააგენტო ინტერნეტ-კომპანიების საქმიანობის შესწავლას მარეგულირებელი კომისიისგან მოითხოვს. ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ინტერნეტ ბაზარზე არსებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების შესწავლასთან დაკავშირებით 5 მაისს მიმართეს. კონკურენციის სააგენტოს მიერ, ორგანიზაციისთვის, გამოგზავნილ წერილში კი აღნიშნულია რომ, სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება დაიწყოს მოკვლევა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების მიმართ და ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეგზავნა.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დღეისათვის, საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე, რამდენიმე ათეული კომპანია ოპერირებს და მათგან ბაზრის 60%–ს, კომპანიები „კავკასუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ ფლობენ. ს.ს. „სილქნეტსა" და „კავკასუს ონლაინის" ბაზარზე არსებული, პრაქტიკულად მონოპოლიზებული მდგომარეობა, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები ექცევა კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე დადებული ფარული შეთანხმების ქვეშ, შესაბამისად ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან ადგილი აქვს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს. რაზეც მეტყველებს 2015 წლის მარტიდან, ინტერნეტ-ბაზრის მფლობელების მიერ, მომსახურების ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომპანიებმა ცალმხრივად დაარღვიეს მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები, ვინაიდან, მოქალაქეების მიმართ, არ მომხდარა მომსახურების ღირებულების გაზრდის საჭიროების დასაბუთება.
ორგანიზააცის მიერ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარისთვის, გიორგი ბარაბაძისთვის, გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო რომ, მნიშვნელოვანია კონკურენციის სააგენტომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, დაიწყოს ინტერნეტ-ბაზარზე არსებული სუბიექტების კეთილსინდისიერების საკითხის შესწავლა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან მიმართებით, რომელიც პირდაპირ კრძალავს ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. მართალია, კანონით, ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება, მაგრამ დღეისათვის, საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე, რამდენიმე ათეული კომპანია ოპერირებს და მათგან ბაზრის 60%–ს, კომპანიები „კავკასუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ ფლობენ. უნდა დადგინდეს, რამდენად კანონიერია ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან მომსახურების ტარიფების გაზრდა. ვინაიდან ფასები მუდმივად იზრდება და კომპანიები ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებენ, როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე არსებული და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ განმარტებებს მაინც არავინ ახდენს, თუ კონკრეტულად, რა იგულისხმება შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაა. აქედან გამომდინარე, ინტერნეტ ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს პირდაპირ უფლებამოსილელებში შედის და მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან დროული რეაგირება ამ მიმართულებით. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში რეკომენდაციით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა მომხდარიყო ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილე კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობის შესწავლა. მაგრამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან მიმართებით, საკითხის შესწავლა.“
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვის საპასუხო წერილში, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ბარაბაძე, განმარტავს რომ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენილი განცხადების/საჩივრის პირობებშიც კი დაიწყოს მოკვლევა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტის მიმართ. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარმოდგენილი მომართვა გადაეგზავნა საქართველოს კომუნიკავიების ეროვნულ კომისიას.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ვინაიდან ორგანიზაციამ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, აღნიშნული საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, 2014 წელს უკვე მიმართა, თუმცა მარეგულირებელ კომისიას საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია, სავარაუდოა, რომ არც ამ შემთხვევაში დაინტერესდება ინტერნეტ ბაზარზე არსებული კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობით. სამწუხაროდ, სანამ სახელმწიფო უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს არკვევენ, ინტერნეტ-კომპანიები მომხმარებელთა უფლებებს არაკეთილსინდისიერად, ღიად და უკანონოდ არღვევენ.