ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, არ გამორიცხავს, თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ თბილისის მერიის ადმინისტრაციასა და კომპანიას შორის არსებობდეს, ჯერ კიდევ, საზოგადოებისთვის უცნობი, სხვა „ჩრდილოვანი ხელშეკრულებები“, რომლებიც დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების ფინანსურ ინტერესებსა და კომპანიასთან კარტელურ გარიგებებს გულისხმობდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოა. მოსაზრებას ამყარებს ხელშეკრულების შესწავლის დროს გამოკვეთილი გარემოება. კერძოდ, თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში და მასში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებში, რომელიც თბილისის მერიის მიერ იქნა წარმოდგენლი, ხელშეკრულებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარკვეული პუნქტები გამოტოვებულია.
თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ წლების განმავლობაში, რამდენიმე ცვლილება განიცადა, რომელთაგან ყველაზე მნშვნელოვანად უნდა ჩაითვალოს, თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებაში შევიდა მორიგი ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2024 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების ანალიზით დგინდება, რომ მხარეები ხშირ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ხელშეკრულების ის ნორმები, რომლებიც შემოსავლების განაწილების საკითხს აწესრიგებს. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი, ხოლო კომპანიას - პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემოსავლების დიდ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს, მაგრამ უცნობია მერიისა და კომპანიის მიერ მისაღები თანხის რეალური თანაფარდობა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით არ კონკრეტდება, დამატებითი მომსახურების შემოსავლად რა უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, სხვა სახით გენერირებული თანხების (გარდა პარკირების საფასურისა) განაწილების საკითხი ბუნდოვანია და კითხვებს ბადებს ხელშეკრულების ფინანსურ ნაწილზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შეწყვეტისა და კომპენსაციის საკითხი. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებულია კომპენსაციის ოდენობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირობის დარღვევისთვის, რაც კომპანიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების მესამე პირებისთვის გადაცემას გულისხმობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არანაკლებ საყურადღებოა ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, კომპანიის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამ სავალდებულო ხასიათი დაკარგა, როგორიც არის, მომსახურების განსახორციელებლად ტექნოლოგიური სისტემების დამონტაჟება. ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, სპეციალური თანხმობის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, კომპანია “C.T.PARK“ ვალდებული იყო დედაქალაქის ტერიტორიაზე განეთავსებინა პარკირების საფასურის გადახდის სპეციალური მოწყობილებები. ასევე, საყურადღებოა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივებაც, რაც თავის დროზე, როგორც მთლიანად ხელშეკრულება, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებს, რომ თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზმა ცხადყო, რომ მისი „გრიფით საიდუმლოდ“ შენახვაც კანონდარღვევით მოხდა, ვინაიდან ხელშეკრულება წარმოდგენილი ტექსტით, არ განეკუთვნებოდა კომერციული საიდუმლოების კატეგორიას.
ორგანიზაცია მიმართავს დედაქალაქის თვითმმართველობას, უზრუნველყოს თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება წინადადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია დედაქალაქში საქმიანობა “C.T.PARK“-ის ალტერნატიულმა კომპანიამ დაიწყოს და მიიჩნევს, რომ ინიციატივა ახალი რისკების და სირთულეების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეებისათვის, თუკი არ იქნება საკითხის ეკონომიკური და სამართლებრივი მხარე ობიექტურად დასაბუთებული.