2015 წლის 25 მაისს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ზღვის უბნის 4 კორპუსის მცხოვრებლების პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ შეთავაზებული პირობების გააცნობას დაეთმო. როგორც შეხვედრაზე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, თბილისის მთავრობა მზად არის, ზღვის უბნის 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსში მცხოვრებ თვითნებურად შესულ ოჯახებს სარგებლობაში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. იმ დროის განმავლობაში, სანამ აღნიშნული ფართები გარემონტდება, გამგეობა უზრუნველყოფს მათ ქირით გაყვანას და, ყოველთვიურად, 500 ლარის ოდენობის ქირის კომპენსაციის გადახდას. მერიისა და გამგეობის შეთავაზებები თბილისის მთავრობის განკარგულების პროექტშია გაწერილი, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს და ოფიციალურად განკარგულება რამდენიმე დღეში გამოიცემა.
„ნაძალადევის გამგეობა თვითნებურად შესულ მოსახლეობას უკეთებს უპრეცენდენტო შეთავაზებას, რომელიც არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ზღვის უბნის 4 კორპუსში მცხოვრები ოჯახები სტაბილურ, ნორმალურ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას,“ - განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა გაბუნიამ. თბილისის მთავრობის შეთავაზებები უკვე გაეცნო ზღვის უბნის მცხოვრებლებსაც.
თვითნებურად შესული ოჯახები ზღვის უბნის კორპუსებში 15 წელია ცხოვრობენ, თუმცა საცხოვრებელი ფართები „მეტრომშენის“ თანამშრომლების საკუთრებაშია. მესაკუთრეები ამჟამინდელი მცხოვრებლების გამოსახლებას ითხოვენ. კერძო პირებს შორის დავა წლების განმავლობაში გრძელდება.
ნაძალადევის გამგეობა 11 ოჯახს რამდენიმე თვეა უკვე უხდის ქირის კომპენსაციას. ამ ოჯახების გამოსახლება 2014 წლის ბოლოს მოხდა.