ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ დადებითად აფასებს ინიციატივას, უძრავი ქონების მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, გამოსახლების აკრძალვის შესახებ და მიმართავს, საქართველოს პარლამენტს დროულად მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების პროცესი დასაშვებია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ნორმებთან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლთან, რომელიც ადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ცვლილებები შესაბამის სამართლის ნორმებში და აიკრძალოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის 2007 წლის 24 მაისის N747 ბრძანება, რომლის თანახმად პოლიცია უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოასახლოს მფლობელი საკუთრებიდან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უძრავი ნივთის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, დიდ ზიანს აყენებს უძრავი ნივთის მფლობელს. მართალია ნივთის მფლობელი, დავის მიმდინარეობისას, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ არის ქონების მესაკუთრე, თუმცა აღნიშნული ქონება სადაოა და მისი დაბრუნების დიდი ალბათობა არსებობს, ვინაიდან მფლობელის საკუთრებიდან ეს ქონება უკანონო გზით გავიდა. შესაბამისად, ასეთი დავის არსებობის შემთხევაში, აუცილებელია, სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება და სასამართლოს გვერდის ავლით არ განხორციელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ განჩინებით შეაჩერა, სადაო ქონებიდან, გამოსახლების პროცესი, მაგრამ, მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, ვანო მერაბიშვილის N747 ბრძანების საფუძველზე გამოსახლება მაინც განხორციელდა. შედეგად კი, ქონების მფლობელსა და მის ოჯახს დიდი ზიანი მიადგა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ქონებას თაღლითური გზით კარგავენ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა იდაონ საკუთარი ქონების დასაბრუნებლად.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ მოსაზრება, თითქოსდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უძრავი ქონებიდან მფლობელის გამოსახლების აკრძალვის შემთხვევაში, კრედიტორები, ქონების მესაკუთრეები, რომლებმაც ქონება კანონიერი გზით შეიძინეს, მაგალითად აუქციონზე და ვერ ისარგებლებენ შეძენილი უძრავი ნივთით, უკანონო ხელყოფის გამო, დაზარალდებიან, არ ამართლებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსათვის გამოსახლების მოთხოვნის მიმართვის შემთხვევაში, დავის განხილვა დაკავშირებულია ვადებთან, ორგანიზაცია მაინც არ იზიარებს ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეებზე, სასამართლოს მიერ დავის განხილვა არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ვადებთან და საქმის გაჭიანურებასთან, რომ გამართლებული იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების დასაშვებობა, ვინაიდან ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, დამდგარი ზიანი ბევრად მეტია, ხოლო დაცული სიკეთე, ასევე მნიშვნელოვანი.