ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეხებოდა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭრის მიმართულებებსა და პროცედურებს. შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციები, რომლებიც, 2015 წლის 23 აპრილს, სამინისტროს მხრიდან „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებად დასახელდნენ, მათ შორის „ახალგაზრდა ადვოკატები“.
ტრენინგზე განხილულ იქნა IOM-ის მობილურობის ცენტრების გამოცდილება - რეიტეგრაციის პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის კრიტერიუმები და წინაპირობები, კონსულტირების ტექნიკა და ბენეფიციართა საჭიროებების დადგენა, სამედიცინო დახმარების შესაძლებლობები და პროცედურები, პროფესიული სწავლება დასაქმებისთვის და მისი ფორმები და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროცედურები. ამასთან, განხილულ იქნა ბენეფიციართა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზის თავისებურებები. ტრენინგს უძღვებოდა IOM-ის კოორდინატორი, ციური ანთაძე. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე, გიგა გიორგაძე.
ცნობისთვის: საგრანტო კომისიამ დადებითად შეაფასა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიგრანტთა იურიდიული დახმარების შესახებ წარდგენილი საპროექტო განაცხადი და პროექტი 20.000 ათასი ლარით დაფინანსდა. პროექტის თანახმად, დაგეგმილია არანაკლებ 16 ბენეფიციარისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა. პროექტის მენეჯმენტიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება ყველა მიგრანტის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა - კონსულტაციები, წარმომადგენლობა, დამისამართება და სხვა. პროექტის სრულფასოვანი ამოქმედება შიდა საორგანიზაციო საკითხების ამოწურვის შემდგომ დაიწყება.
შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და პროექტის დირექტორი, ანა კიკნაძე ესწრებოდნენ.