არჩილ კაიკაციშვილმა სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე ისაუბრა

3 ივნისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა, რადიო „იმედის“ ეთერით, გადაცემა „კანონი“, ჟურნალისტ თამარ აბრამიშვილისა და მოქალაქეთა კითხვებს უპასუხა. გადაცემის მთავარი თემა იყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება, მართლმსაჯულების რეფორმა. არჩილ კაიკაციშვილმა საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის მიერ 2015 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, 2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5634 ქონება დათმო.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, გამოკვეთილია ღია ტენდენცია, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს სასარგებლოდ, მასობრივად თმობდნენ საკუთრების უფლებას, სხვადასხვა ქონებებთან დაკავშირებით ფორმდებოდა ჩუქების ხელშეკრულებები და სხვადასხვა სამართლებრივი შეთანხმების ფორმით, სახელმწიფოს ხელში ქონებები გადადიოდა უსასყიდლოდ. მონიტორინგის შედეგად, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი - 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია მთავარი პროკურატურის სპეციალურმა ეპარტამენტმა, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე გადაწყვეტილებები დააჩქაროს. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ინიციატივები განახორციელოს. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლო ორგანოში სპეციალური ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას მოსამართლეთა დაცვის ინსტიტუტი უწოდა და აღნიშნა, რომ რეფორმას ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომლებსაც წარსულში უკანონო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული.  



კომენტარები