ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადოკატები“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2015 წლის 2 ივნისის სატელევიზიო განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც შეფასებები გაკეთდა 2006 წელს გაუქმებული „ინტელექტბანკის“ საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტი ბანკის გაკოტრებასთან დაკავშირებით, მისი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების დაფარვას კიდევ ერთხელ ცდილობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის, ასევე ბანკის ყოფილი აქციონერების ნუგზარ ჯაყელი-ხუნდაძისა და ვლადიმერ ჭანიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ინტელექტბანკის“ საქმესთან მიმართებით, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, თითქოსდა „ინტელექტბანკი“ წარმოადგენდა „გაძვალტყავებულ ბანკს“ და ხელისუფლებამ „ყველაფერი გააკეთა, რომ გადარჩენილიყო“, კრიტიკას ვერ უძლებს და ფაქტების გაყალბების მცდელობაა.
ნუგზარ ხუნდაძე-ჯაყელის განცხადებით, „ინტელექტბანკი“ საქართველოს 10 საუკეთესო ბანკს შორის მოწინავე პოზიციებზე იდგა. ამიტომაც, ბანკის განადგურების გეგმა, ჩანს მხოლოდ ეროვნული ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელების დონეზე არ იყო მიღებული და სათავე უფრო მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში უნდა დავინახოთ, ვლადიმერ ჭანიშვილის თქმით კი, გაუგებარია, რას ეძახის მიხეილ სააკაშვილი ბანკის დახმარებას, იმ ტერორს, რომელიც განხორციელდა თუ იმ საპროცესო გარიგებებს, რომელიც ბანკის თანამშრომლებთან გაფორმდა? „ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მიაყენა ბანკს ისეთი ზარალი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ. ჩვენ გამოვიარეთ, მათ შორის „მხედრიონის“ პერიოდიც, მაგრამ ასე ყაჩაღურად თავს არავინ დაგვსხმია. ჩანს, გიორგი ქადაგიძეს „დაუფასეს“ „ინტელექტბანკის“ მიმართ ჩადენილი დანაშაული. ბანკის მიმართ სპეცოფერაციის შემდგომ, მთავარ პროკურატურაში დანიშნეს, შემდეგ კი სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ჩააბარეს“ - განაცხადა ვლადიმერ ჭანიშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმეში არსებული დოკუმენტები მხოლოდ ერთადერთ გარემოებებზე მიუთითებს - 2006 წლის 10 თებერვალს, სს „ინეტელექტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რაზმთან ერთად. დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვენელობდა ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. კანონით, ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო, როდესაც იარსებებდა აუცილებელი გადაუდებლობდა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყველა დოკუმენტი ამტკიცებს, რომ სს „ინტელექტბანკში“ სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება არ არსებობდა. გიორგი ქადაგიძემ ყველა გადაწყვეტილება ბანკის გაკოტრების მიმართულებით მიიღო. მათ შორის დადასტურებული ფაქტია, როდესაც დროებითმა ადმინისტრაციამ, ბანკში შესვლისთანავე, შეცვალა ბანკის დაცვა, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები ჩაკეთილი ჰყავდათ ბანკის შენობაში და არ აძლევდნენ ბანკიდან გასვლის საშუალებას, ასევე ზეწოლით, პირადი ხასიათის მუქარით და შანტაჟის გამოყენებით თანამშრომლებს აიძულებდნენ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასა და ხელის მოწერას დროებითი ადმინისტრაციის მიერ შედგენილ და მათთვისვე სასურველ სხადასხვა დოკუმენტებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ბანკი გადარჩენილიყო, დიდი ტყუილია. პირიქით, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია პირდაპირ შეიჭრა სს „ინეტელექტბანკში“, განახორციელა ბანკისთვის საზიანო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და სს „ინეტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიყიდა ს.ს. „საქართველოს ბანკს“. ამიტომაც, ორგანიზაცია საქმეზე სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს, მათ შორის სებ-ის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების, რომან გოცირიძისა და გიორგი ქადაგიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხსაც, ვინაიდან ეროვნული ბანკი ყველა საშუალებით ცდილობდა, სს „ინტელექტბანკის“ მიმართ გაეტარებინა ისეთი ღონისძიებები, რაც ზიანს მიაყენებდა ბანკს.
„ინტელექტბანკის“ საქმეს ამჟამად მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი განიხილავს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმეზე ადვოკატირებას 2015 წლის მარტიდან ახორციელებს.