ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საკონსულტაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებზე იმსჯელა

4 ივნისი, 2015
2015 წლის 4 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილმა, კომიტეტს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მოქმედ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებები გააცნო, რომელიც საბჭოს უფლებამოსილებისა და მუშაობის საკითხებს ეხება. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოქმედ დებულებაში ცვლილებების შეტანის საჭიროება, საბჭოს საქმიანობის პრაქტიკულმა გარემოებებმა წარმოშვა. ახალი რეგულაციების მიზანია, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთოს საბჭოს და კომიტეტის თანამშრომლობა საერთო ინტერესების საკითხების გადაჭრისათვის. დებულებაში ცვლილებების შესახებ კომიტეტის წევრების მხრიდან ცალკეული შეკითხვებიც დაისვა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ ერთხელ გაივლის სამართლებრივ ექსპერტიზას და კომიტეტი უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. 
 
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტის თავმჯდომარის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა. საბჭო აერთიანებს შესაბამისი სფეროს, როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურაში მომუშავე, ისე დამოუკიდებელ და სპეციალისტებსა და ექსპერტებს. მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებაში. ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიან განხორციელებას. 


კომენტარები