საკონსტიტუციო სასამართლომ „მოსმენების შესახებ“ კანონის განხილვა ეროვნულ ინტერესებს უნდა მიუსადაგოს

8 ივნისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ანტიკონსტიტუციორად გამოცხადების საფრთხეზე საუბრობს და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, შესაბამისი საჭირო მოქმედებების დაგეგმისკენ მოუწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, შეუძლებელია, იგნორირების მიღმა დარჩეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემები და მიღებულ იქნეს მათი შესაძლებლობების შესუსტებისკენ რომელიმე გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის შემთხვევაში, სახელმწიფო დაკარგავს ერთი გასაღების ფლობის შესაძლებლობას ან ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა აღმოჩნდება კომპანიების მფლობელობაში, რომელთა წარმომადგენლებიც უცხო ქვეყნაა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მაღალი სტანდარტით დასაბუთება მართებს, რათა გასაჩივრებული კანონის განმარტება არ დაუქვემდებაროს არც პოლიტიკურ კონტექსტს და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ე.წ. „მოსმენების კანონი“ დაბალანსებულია და პასუხობს ორივე ფუნდამენტურ ინტერესს - დაიცავს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები. საქართველოს გამოწვევების გათვალისწინებით, მისაღები ვერ იქნება ქვეყანაში სამძებრო-ოპერატიული საქმიანობა განახორციელოს კერძო კომპანიებმა. შეიძლება ითქვას, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს ოპერატიული საქმიანობის განხორციელების ანალოგიური სისტემა. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი, სახელმწიფოებრივი არსიდან გამომდინარე, ყველგან თავად სახელმწიფოა, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი უწყებების მეშვეობით. ისეთი სფეროები, როგორიცაა გამოძიება, ოპერატიული საქმიანობა და დაზვერვა, თავისი არსით სპეციფიკურია და შესაბამისად, ამ სივრცეებზე წვდომა, მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოებში, არის ყველაზე დაცული, კონფიდენციალური და გასაიდუმლოებული. სფერო პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უშიშროების საკითხთან. ამიტომაც ნებისმიერი სახის აქტიური შემხებლობა კერძო კომპანიების მხრიდან, მითუმეტეს, როდესაც ეს კომპანიები წარმოადგენენ უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს, რეალური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის უშიშროებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებს.

ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“, რა თქმა უნდა, საკითხს არ აფასებს იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს შეუზღუდავი უფლებები უნდა გააჩნდეს ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებისას და მან არ დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულებები ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში, მათ შორის სადაოდ გამხდარი პირადი ცხოვრების, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ადამიანის კერძო საკითხებთან არსებული ინფორმაციის დაცვის უფლება. ჩვენი შეფასებით, არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ უწყებას არ უნდა ჰქონდეს კანონის ფარგლებს გარეთ მოქმედებისა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესაძლებლობა. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, თუკი მას ექნება ადგილი, თუნდაც მოქმედი ე.წ. „მოსმენების კანონის“ „ორგასაღებიანი“ სისტემის ფუნქციონირების შემთხვევაში, უნდა იქნეს გამოვლენილი და მკაცრად დასჯილი. სამოქალაქო სექტორის ერთი ჯგუფის განცხადება, რომ ე.წ. „მოსმენების კანონი“ უკანონო მოსმენების პრაქტიკას აგრძელებს, არც ერთი ფაქტით არ არის დასაბუთებული. შესაბამისად, კამპანია „ისევ გვისმენენ“ სახელმწიფო ინტერესების რეალური გათვალისწინების გარეშეა, საჭიროებს თემაზე ჯანსაღ დისკუსიას და მოსახლეობის ინფორმირებას კანონის, კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რეალურ მიზნებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიცემული მეორე „გასაღები” კი, მხოლოდ ფარულ სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გასაჩივრებული კანონის შეფასებისას განაცხადა, „სასამართლო თავის სიტყვებს იტყვის, როგორც ყოველთვის ობიექტურად და კანონზე დაყრდნობით“, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი მიდგომებიდან გამომდინარე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ე.წ. „მოსმენების შესახებ“ კანონი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება. 



კომენტარები