ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტის წევრების პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენების საპატიო მიზეზით გაცდენის საკითხის განხილვაში ჩაერთო. 2015 წლის 11 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, განხილეს ა/ო „სამოქალაქო ჩართულობიც ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევა, რომელმაც შეისწავლა საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატების სხდომებზე დასწრების სტატისტიკა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ პარლამენტის წევრები, ყველაზე მეტად, სხდომებს ოჯახური მდგომარეობის გამო აცდენენ. მრგავლი მაგიდის მონაწილეებმა პრობლემის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე იმსჯელეს და გამოითქვა შეხედულება, რომ ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის, აუცილებელია მოწესრიგდეს წევრების მიერ საპარლამენტო სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გაცდენების მახინჯი პრაქტიკა.
შეხვედრა კვლევის ავტორი „სამოქალაქო ჩართულობი ცენტრის“ ორგანიზებით მომზადდა, სადაც „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, კიდევ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პოზიციამ“ და „ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921“-მა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ოთხი ორგანიზაცია, მომავალში საერთო კოორდინაციას მოამზადებს, რითაც საკითხზე სამოქალაქო დისკუსია დაიწყება. რაც შეეხება 11 ივნისის შეხვედრას, მსჯელობა შეეხო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ორგანიზაციები შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე: ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის წევრის მიერ საპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის შინაარსი დაზუსტდეს, თუ რას ნიშნავს „ოჯახური მდგომარეობა" და ჩაიშალოს სამ ნაწილად - ოჯახის წევრის გარდაცვალება, მეუღლის მშობიარობა, ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობა. სასურველია, პარლამენტის წევრს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო დაუკავდეს ხელფასის 20%. (ამჟამინდელი რედაქციით 10%), რომელიც გადაირიცხება სოციალურად დაუცველი ან/და მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანის/ადამიანების ანგარიშებზე, ქველმოქმედების მიზნით.