ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შედეგად, ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და პოლიტიკური შეთანხმებების გამო, არ მოხდეს ადგილობრივი ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობისა და საარჩევნო უფლებების დარღვევა და მოითხოვს, საარჩევნო რეფორმაზე დისკუსია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით დაიწყოს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმა არ უნდა გახდეს პოლიტიკური გარიგებების, მათ შორის შესაძლო ფარული შეთანხმებების შემადგენელი ნაწილი. მართალია, მოქმედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც გააჩნია მნიშვნელოვანი ხარვეზები, ისევე, როგორც ნებისმიერ საარჩევნო სისტემას, თუმცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე, საჭიროა რეფორმების სწორი გააზრება და კანონმდებლობის შეცვლა ქვეყნის დღევანდელ რეალობასთან მიმართებით. პრინციპი - მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა, შეძლებისდაგვარად, მიმართული უნდა იქნეს თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, სწორია, მაგრამ საარჩევნო რეფორმის შემდგომი განვითარება, აჩენს რისკებს, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები ან ამომრჩეველთა მცირე რაოდენობის მუნიციპალიტეტები, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, წარმომადგენლის გარეშე დარჩეს. შესაბამისად, ორგანიზაცია მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესების პოლიტიკურ დაპირებას და წინადადებას მეტი კონკურენტუნარიანობისთვის, საჭიროდ მიიჩნევს. ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტის სრულ გაუქმებამდე, საჭიროა ახალი რეგულაციები, რომელიც მაჟორიტარების ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულებას გაზრდის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით, რიგ შემთხვევაში დარღვეულია კავშირი მაჟორიტარ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შორს, რაც გამოიხატება მაჟორიტარების მხრიდან ნაკლები ურთიერთობით, მოსახლეობასთან ნაკლები შეხვედრებით, რეალურად კი მათი ვალდებულებაა შეხვდენენ ამომრჩევლებს და მათ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას კომუნიკაციის ნაკლებობა და მაჟორიტარები გახდნენ მეტად ქმედითები და აქტიურები, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც დააკონკრეტებს მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილებებს და კანონში მკაფიოდ იქნება გაწერილი მაჟორიტარების ვალებულებები, თუ როგორი იქნება მათი როლი ადგილობრივ დონეზე საკითხების გადაწყვეტის პროცესში, ურთიერთობის საკითხი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბუნდოვანია მაჟორიტარი დეპუტატების ვალდებულებები ნაწილი ადგილობრივი ამომრჩეველთა წინაშე. კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ არ არის საკმარისი და ამომწურავად არ პასუხობს პრაქტიკულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების ნაცვლად, უნდა გამოსწორდეს აღნიშნული საარჩევნო სისტემის ხარვეზები და მაჟორიტარების საქმიანობა უნდა გახდეს უფრო ეფექტური.