2015 წლის 13 ივნისს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“, „პოზიციამ“ და „ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921“ ხელმძღვანელებმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოს პარლამენტის სპიკერის მხრიდან პარლამენტარების მიერ საკანონმდებლო ორგანოს სხდომების გაცდენის ფაქტებთან დაკავშირებით კრიტიკურლი დამოკიდებულება, მისასალმებელია, რაც ტოვებს საკითხზე ფართო დისკუსიის გაგრძელების შესაძლებლობას. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დამოკიდებულება, რომ ახალი რეგულაციებით შეიცვალოს მიდგომები და პარლამენტის წევრებს სხდომების გაცდენა „ოჯახური გარემოების გამო“ საპატიოდ აღარ ჩაეთვალოს, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, ვინაიდან შესაძლოა, ზოგიერთმა დეპუტატმა წარმოდგენილ ცვლილებებს ვიწრო-პოლიტიკური და სუბიექტური შეხედულებით, მხარი არ დაუჭიროს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მედიას კიდევ 15 დეპუტატის ვინაობა გააცნო, რომლებსაც პარლამენტის სხდომებზე 50-ჯერ მეტი გაცდენა გააჩნიათ. მისივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრობლემაზე საუბრისას მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აჩვენა და ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულბა გამოავლინა. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, გასწორდეს საკანონმდებლო ჩანაწერები და ახალმა რეგულაციებმა მოქმედი პარლამენტარების მხარდაჭერა მიიღოს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებითვე, კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ ერთადერთი პარლამენტარი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქლაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაა, რომელსაც არასაპატიო მიზეზით მხოლოდ 1 გაცდენა აქვს და ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების თვალსაზრისით. კვლევის თანახმად, ეკა ბესელიას 2012-15 წლის თებერვლის მდგომარეობით, 18 საკანონმდებლო ინიციატივა აქვს წარდგენილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლითაც ოჯახური მდგომარეობის გამო სხდომის გაცდენა საპატიო აღარ იქნება. პირველადი მიდგომით, ოჯახური მდგომარეობის გამო სხდომის გაცდენა უნდა დაკონკრეტდეს.