ორგანზიაციები: „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ თბილისში, დატრიალებული ტრაგედიის გამო, ევროპის პარლამენტს დახმარების თხოვნით მიმართავენ. ორგანიზაციებმა მიმართვის წერილი ევროკავშირის 5 პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერებს გადასცეს. წერილის ადრესატები არიან ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერი – Manfred Weber, სოციალ დემოკრატების ჯგუფის ლიდერი - Gianni Pittella, ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის ჯგუფის ლიდერი – Guy Verhofstadt, მწვანეთა პარტიის ჯგუფის ლიდერი – Philippe Lamberts და ევროპის კონსერვატორების ჯგუფის ლიდერი – Syed Kamall. დღესევე „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ დამფუძნებელი თეონა ლავრელაშვილი პირადად შეხვდება ევროპის პარლამენატარებს - სანდა კალიენტეს, იარომირ შტეტნინას, სარიუს ვოლსკის, ტუნე კელამს და სხვებს, რათა განხილულ იქნას შესაძლებლობა სპეციალური ფონდის შექნის თაობაზე დაზარალებულთათვის და საქართველოს მთავრობისათვის. როგორც მიმართვის წერილში „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ამ მძიმე წუთებში, მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა, რომელიც დაზარალებულ და გარდაცვლილთა ოჯახებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. „ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა იქნება მაღალი სამოქალაქო მხარდაჭერის მაგალითი, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მუდმივად გამოხატავს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და თანადგომა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპული და დაზარალებული მოქალაქეების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ამასთან, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი, გამოხატავს მზადყოფნას, უსასყიდლოდ, იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს და საჭირეოების შემთხვევაში, იყოს წარმომადგენელი ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის დროს. ჩვენმა მოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, შესაძლებელია მთლიანად განადგურდა საკუთრებასთან ან მოქალაქის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, სხვა სახის იურიდიული საბუთები, რომელთა აღდგენა დაკავშირებულია აუცილებელ ცხოვრებისეულ საჭიროებებთან. ორგანიზაციის იურისტები აქტიურად ჩაერთვებიან სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტების აღდგენის პროცესში და დაეხმარებიან მოქალაქეებს სახელმწიფოსთან შესაბამისი განცხადებების მომზადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად, აქტიურად უერთდება სამოქალაქო სოლიდარობის ღონისძიებებს. ორგანიზაციის წევრებმა საკვები გადასცეს იმ მოხალისეებს, რომლებიც ჩართულნი არიან სტიქიის ადგილას გაწმენდით სამუშაოებში. ამასთან, ორგანიზაცია შემდეგ პარტნიორ ჯგუფებთან ერთად, „ახალგაზრდული ცენტრი“, „პოზიცია“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი“ და საქველმოქმედო ორგანიზაციები: „კეთილსოფელი“ და „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“, ერთიანდება, რათა დაეხმარნონ დაზარალებულებს, როგორც ჰუმანიტარული, ასევე თითოეული ორგანიზაციის წევრის ფიზიკური შესაძლებლობით.