საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-კომპანიების საქმიანობის შესწავლაზე უარი თქვა

18 ივნისი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ ბაზარზე არსებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების შესწავლაზე უარი უთხრა. როგორც ორგანიზაციის მიმართ კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის 2015 წლის 3 ივნისის წერილითაა ნათქვამი, მოცემულ ეტაპზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საკითხის შესწავლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

,,ინტერნეტის მომსახურების საცალო ბაზრის წარმატებით ფუნქციონირების მიზნებისათვის, ამ ეტაპზე, კომისიას პრიორიტეტულად მიაჩნია საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებით ხელი შეუწყოს ინტერნეტის მომსახურების საცალო ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორების შესვლას და ამ ბაზარზე, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას. შესაბამისად, მომსახურებაზე მოთხოვნისა და მიწოდების საბაზრო მექანიზმით ინტერნეტის საცალო მომსახურების მიწოდებაზე კონკურენტული ტარიფების ჩამოყალიბებას. ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური შესწავლის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გეგმავს განახორციელოს შესაბამისი კვლევა და ანალიზი. აღნიშნული კვლევისა და ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, კომისია განიხილავს ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის კონკურენციის ხელშემწყობი სპეციფიკური ვალდებულებების დაწესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას ამ ეტაპზე, მიზანშეზონილად არ მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის სატარიფო რეგულირების ფარგლებში ზედა ზღვრული ტარიფის დაწესების თვალსაზრისით“ - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წერილში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის მიმართ 2015 წლის 8 ივნისს გაგზავნილი წერილით, უარყოფითად შეაფასეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიდგომები. ორგანიზაციის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ მიუთითებს ბაზრის კვლევის შესახებ კონკრეტულ პერიოდს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ კვლევა გონივრულ ვადებში განხორციელდება. „ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია, ამ მიმართულებით გამოხატოს ჩართულობა და განახორციელოს მონიტორინგი. შესაბამისად, მოგმართავთ, რათა საკითხში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის შემთხვევაში, კომისიამ კომუნიკაცია იქონიოს საკითხით დაინტერესებულ „ახალგაზრდა ადვოკატებთან““ - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვის წერილში.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დღეისათვის, საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე, რამდენიმე ათეული კომპანია ოპერირებს და მათგან ბაზრის 60%–ს, კომპანიები „კავკასუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ ფლობენ. ს.ს. „სილქნეტსა" და „კავკასუს ონლაინის" ბაზარზე არსებული, პრაქტიკულად მონოპოლიზებული მდგომარეობა, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები ექცევა კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე დადებული ფარული შეთანხმების ქვეშ, შესაბამისად ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან ადგილი აქვს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს, რაზეც მეტყველებს 2015 წლის მარტიდან, ინტერნეტ-ბაზრის მფლობელების მიერ, მომსახურების ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომპანიებმა ცალმხრივად დაარღვიეს მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები, ვინაიდან, მოქალაქეების მიმართ, არ მომხდარა მომსახურების ღირებულების გაზრდის საჭიროების დასაბუთება.

ცნობისთვის: ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ინტერნეტ ბაზარზე არსებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების შესწავლასთან დაკავშირებით 5 მაისს მიმართეს, სააგენტომ კი შესაბამისი უფლებამოსილების არქონის მიზეზით, საკითხი განსახილველად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაუგზვანა. ორგანიზაციამ აღნიშნული საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2014 წელსაც მიმართა, თუმცა მარეგულირებელ კომისიას საკითხზე რეაგირება არც მაშინ მოუხდენია.



კომენტარები