2015 წლის 18 ივნისს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საბჭომ ამჟამადაც სამართალწარმოების პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან კაზუისტურ შემთხვევაზე იმსჯელა. განსახილველი კაზუსის მოკლე შინაარს წარმოადგენდა გარემოებას, როდესაც სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო სხდომაზე მოქალაქეთა გამოკითხვის ოქმები დასაშვებ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი, არსებითად განმხილველმა მოსამართლემ უარი თქვა მათ დაკითხვაზე იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე არ გადასცა სრული ინფორმაცია მტკიცებულებების თაობაზე, რომელთა წარდგენასაც სასამართლოში აპირებდა, კერძოდ, სასამართლოში დასაკითხ პირთა ნუსხა. ამასთან, განმარტა, რომ დაცვის მხარის მიერ მხოლოდ გამოკითხვის ოქმების გადაცემა მოწინააღმდეგე მხარისათვის თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მხარე მათ დაკითხვას ითხოვს საქმის არსებითად განხილვისას. საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა შეხედულება გამოითქვა, რომელიც უზენაესი სასამართლო საქმეზე შემდგომი გადაწყვეტილებისთვის, მხედველობაში მიიღებს. შეხვედრას საერთო სასამართლოს მოსამართლეები, სამართლის სპეციალისტები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სასამართლოს სისხლის სამართლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში, 2015 წლის აპრილიდან მიიწვიეს.