„ახალგაზრდა ადვოკატები“ მართლმსაჯულების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

19 ივნისი, 2015

2015 წლის 19 ივნისს, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მიწვევით, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ,,მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები" დაესწრო. შეხვედრა ქართულ მართლმსაჯულებაში დაგროვილ აქტუალურ პრობლემებიზე მსჯელობას და ხარვეზების გამოსწორების საკითხებს დაეთმო. კონფერენციას დაესწრებებინ მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები. როგორც შეხვედრაზე ღონისძიების ავტორებმა აღნიშნეს, საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ქართულმა მართლმსაჯულებამ რთული გზა განვლო. სასამართლოები ყოველთვის ვერ იდგენ სათანადო სიმაღლეზე, რისი დასტურიც გახლავთ წინა ხელისუფლებების მმართველობის დროს, სასამართლოების მიერ გამოტანილი და ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურაში შეტანილი ასიათასობით საჩივარი. გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობაშიც უამრავმა ხარვეზმა და პრობლემამ იჩინა თავი. სწორედ ამ პრობლემების და ხარვეზების გამოსწორების გზების და მათი დაძლევის ძიებას ემსახურებოდა კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამართლის დარგის აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები და მოსამართლეები. შეხვედრა სამართლის მეცნიერთა კავშირისა და ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ინციატივით მომზადდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, კონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დაესწრო.

 



კომენტარები