უცხოური კომპანიების უმეტესობა ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების არსებობაზე ინფორმაციას არ გასცემს

22 ივნისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოში მოღვაწე უცხოური სახელწოდების კომპანიების,  სასაქონლო ნიშნის გამოყენებისა და იურიდიული სტატუსის, აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებული მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და მომხმარებელთა მიმართ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ მომზადებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ ძვირადღირებული ნივთების, პროდუქტებისა და სხვა საჭიროებების შეძენას მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ცალკეული კომპანიები პროდუქციას საერთაშორისო ნდობის მქონე ბრენდების სახელწოდებით სთავაზობენ, თუმცა სიღრმისეული დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ასეთი კომპანიები ბაზარზე თვალთმაქცურად მოქმედებდნენ - მათ არ გააჩდეთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ სარგებლობდნენ ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით და არც რაიმე ვალდებულება, საკუთარი სტატუსის თაობაზე არსებული ინფორმაცია მიეწოდოს მომხმარებელს. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო იმ გარემოების დადგენას, თუ რომელი კომპანიები იყენებენ სასაქონლო ნიშანს, სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთიანობას კანონიერად, გააჩნდათ თუ არა მათ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, ან სხვა რაიმე ნებართავა/ლიცენზია ან უფლება გამოიყენონ უცხოური კომპანიის სახელწოდება. ამავე დროს  წარმოდგენილი ინფორმაცია უაღრესად კრიტიკულად უნდა შეფასდეს და საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, კომპანიების მხრიდან გამოხატული ინდიფერენტული და ნაკლებდ პასუხისმგებლობის მქონე დამოკიდებულების შესახებ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის შედეგად, კვლევაში ერჩეული 19 კომპანიიდან მონაწილეობა მიიღეს და დასმულ კითხვებზე სრულყოფილი ინფორმაცია მოამზადა მხოლოდ 3–მა კომპანიამ. 5–მა კომპანიამ ორგანიზაციას მიაწოდა მხოლოდ ინფორმაცია, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ ცნობილი ბრენდის სტატუსით მოსარგებლე კომპანიას საქართველოში. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების მხრიდან ჩაითვალა, რომ არც დასმულ სხვა კითხვებზე გააჩნდათ გამოხმაურების ვალდებულება, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში, ორგანიზაციასთან კომუნიკაცია საერთოდ არ უზრუნველყო 12–მა კომპანიამ. ორგანიზაციამ მონიტორინგის პროცესში მოიწვია: ,,კარფური“, ,,კოკა-კოლა“, ,,მაკდონალდსი“, ,,სოკარი“, ,,დიზელი“, ,,რედისონი“, ,,ბენეტონი“, ,,ბილაინი“, ,,სვოჩი“, ,,ივ როშე“, ,,სამსუნგი“, ,,ფორბსი“, ,,ზირაათ ბანკი“, ,,ყატარის ავიახაზები“, ,,ვილეროი და ბოხი“, ,,სვაროსვკი“, ,,vivus.ge”, ,,KFC”, და ,,National Geographic”, ხოლო შერჩევის კრიტერიუმი გახდა გარემოებები, როდესაც კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა სამომხმარებლოს სფეროს და მათი სახელწოდების მიმართ არსებულიყო ბრენდის სტატუსის დადგენის ინტერესი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის შედეგად, ნაწილობრივ სრულყოფილი მონაწილეობა მიიღეს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, ,,კარფურმა” და „ბილაინმა“. გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა უფლებებისა და ვალდებულებების მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება სპეციალური სამსახურების მიერ. აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებები აღნიშნულ სამივე კომპანიაში დადებულია მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამისად და მათი მინიმალური ვადა განსაზღვრულია 12 თვით ან უვადოდ. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული კომპანიების მსოფლიო ბრენდის სტატუსის საქმიანობასთან, ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ინფორმაციით, ის სარგებლობს „კოკა-კოლას“ სახელის უფლებით, რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, ხოლო კომპანია ,,კარფურს“ და „ბილაინს“, ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ მოუწოდებია. რაც შეეხება ,,ივ როშეს“, ,,ვილეროი და ბოხის“,,National Geographic“,,Forbes” და ,,სვოჩის“. ყველა მათგანის გამოხმაურება ეხებოდა ბრენდის სტატუსით საქართველოში საქმიანობის საკითხს. კომპანიების ცნობით, მათი კომპანიები დაკავშირებული არ არის რომელიმე უცხოური კომპანიების საქმიანობასთან, დაფუძნებულია ადგილზე და არ წარმოადგენენ არც ერთი უცხოური კომპანიის ფილიალს, არ სარგებლობენ რომელიმე უცხოური კომპანიის შვილობილის სტატუსით. ამასთან, კომუნიკაცია არ უზრუნველყო სხვა 12-მა კომპანიამ. ამიტომაც, უცნობი რჩება მათი მხრიდან შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი, სამართლებრივი სტატუსი და მომხმარებლებთან ურთიერთობის ანგარიშვალდებულების საკითხიც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში უცხოური სახელწოდების ქვეშ მოღვაწე კომპანიების მხრიდან სათანადოდ არ არის შეფასებული კორპორატიული პასუხისმგებლობა და სოციალური დიალოგის პრიორიტეტულობის საკითხი. მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებისთვის გვიძნელდება შევთავაზოთ დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელი კომპანია რა სტანდარტებით იცავს შრომით ურთიერთობებს, რომელი კომპანიები სარგებლობენ ბრენდის სტატუსით და გააჩნიათ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება,  ან სხვა რაიმე ნებართავა/ლიცენზია ან უფლება გამოიყენონ უცხოური კომპანიის სახელწოდება, რა არის აღნიშნული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ კვლევაში, უზრუნველყონ მათ წინაშე ორგანიზაციის დასმულ საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება და 2015 წლის 31 ივლისამდე, საჯარო ინტერესის გამო, ინფორმაცია გამოაქვეყნონ კომპანიების ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის: კვლევაზე: „უცხოური კომპანიები საქართველოში, მათი სტატუსი და დასაქმებულები“ მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო. მონიტორინგი ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.



კომენტარები