ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრსა და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პროექტ „ფაქტ-მეტრს“ შორის არსებულ დისკუსიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2004-12 წლებში, უსასყიდლოდ 5634 ქონება დათმეს. პროექტის ავტორებმა დეპუტატის საჯარო განცხადებას სიცრუე უწოდეს, თავის მხრივ კი, პარლამენტის წევრმა საკუთარი განცხადება „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიდან მოიტანა, რომელიც ორგანიზაციამ 2015 წლის 28 აპრილს, სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში, პრესკონფერენციის ფორმით, საზოგადოებას გააცნო. აქვე აღვნიშნავთ, რომ პარლამენტარმა საკუთარი განცხადების დროს, მართალია ინფორმაციის წყარო არ დაასახელა, თუმცა 2015 წლის 23 ივნისს, ახალი ამბების სააგენტოებთან კომენტარის დროს აღნიშნა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების დროს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს დაეყრდნო.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შევისწავლეთ მხარეთა პოზიციები, პარლამენტარის საჯარო გამოსვლის კონტექსტი და შემდგომ „ფაქტ მეტრის“ არგუმენტები, ასევე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან მხარეების დამოკიდებულება, ორგანიზაცია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ გიგა ბუკიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება სრული სიმართლეა, შეესაბამება არსებულ მტკიცებულებებს, პარლამენტარს საზოგადოება შეცდომაში არ შეუყვანია, ხოლო „ფაქტ მეტრის“ მხრიდან გავრცელებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. მეტიც, მტკიცებულება, რომელიც „ფაქტ მეტრის“ მხრიდან იქნა დასახელებული პარლამენტარის სიცრუისთვის, წარმოადგენს აბსოლუტურად სხვა შინაარსის მქონე წერილობით დოკუმენტს, რომელსაც კავშირი არ აქვს გიგა ბუკიას მიერ გაკეთებული განცხადების ნამდვილობის შემოწმებასთან.
კერძოდ, ორგანიზაცია საზოგადოების ყურადღებას დაუთმობს შემდეგი ფაქტობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებს:
საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგა ბუკიას მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების შინაარსი მოიცავს შემდეგს: „2004 წლიდან 2012 წლამდე, ქვეყანაში საკუთარი ქონება გადასცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ 5634 ადამიანმა... საკუთარი ქონება, მისი ოფიციალური ქონება სახელმწიფოს გადასცა... ყველამ კარგად იცის, რისთვის იყენებდით, როგორ იყენებდით, რა მეთოდებით იყენებდით... ბოლო ორი წლის განმავლობაში, არც ერთი ფაქტი არ არის, რომ ადამიანებმა საკუთარი ქონება ან ბიზნესმა საკუთარი ქონება სახელმწიფოს გადასცა“ (სტილი დაცულია).
„ფაქტ-მეტრს“ საკუთარი განცხადების დასასაბუთებლად ოფიციალურ გვერდზე: www.factcheck.ge, მოჰყავს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის წერილი, სადაც ვკითხულობთ შემდეგს: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2004-2012 წლების განმავლობაში, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ (ჩუქების ფორმით) ქონების (უძრავი, მოძრავი, არამატერიალური სიკეთე) გადმოცემასთან დაკავშირებით, მიმართა 605-მა ფიზიკურმა და არასაჯარო პირმა, ხოლო 2013-2014 წლებში მიმართა 32-მა ფიზიკურმა და არასაჯარო იურიდიულმა პირმა“ (სტილი დაცულია).
ჩვენ აღვნიშნავთ, რომ წერილით ჩანს, პროექტის რედაქტორმა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა იმის დასადგენად, თუ რამდენმა მოქალაქემ მიმართა სახელმწიფოს 2004-12 და 2013-14 წლებში უსასყიდლოდ ქონების გადმოცემისთვის და არა იმაზე, თითქოსდა 605-მა ფიზიკურმა და არასაჯარო პირმა 2012 წლამდე, ხოლო ბოლო ორ წელიწადში მხოლოდ 32-მა პირმა დათმო საკუთარი ქონება. ჩვენ, „ახალგაზრდა ადვოკატები“, განხორციელებულ მონიტორინგში და გამოქვეუნებულ განცხადებაში ვსაუბრობდით მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორ დათმო 5634-მა ადამიანმა უსასყიდლო ქონება სწორედ სახელმწიფოს სასარგებლოდ და არა პირიქით. პარლამენტარის განცხადებაც სწორედ ამ მიმართულებით მსჯელობაა და სხვა არაფერი. შესაბამისად, დიდი განსხვავებაა, ვინ თმობს ქონებას - სახელმწიფო მოქალაქის სასარგებლოდ თუ მოქალაქე სახელმწიფოს სასარგებლოდ. მიგვაჩნია, რომ პროექტის მესვეურების მხრიდან სულ სხვა კითხვა იქნა გაგზვანილი ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მიმართ. ორგანიზაცია, შემდგომში პარლამენტის წევრი კი, სულ სხვა პრობლემაზე და საკითხზე ესაუბრნენ საზოგადოებას. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ გიგა ბუკიას, მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სიცრუე არ უკადრებია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას დამუშავებული, საჯარო ინფორმაციის შედეგად მიღებულ მდგომარეობას:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, გამოკვეთილია ღია ტენდენცია, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს სასარგებლოდ, მასობრივად თმობდნენ საკუთრების უფლებას, სხვადასხვა ქონებებთან დაკავშირებით ფორმდებოდა ჩუქების ხელშეკრულებები და სხვადასხვა სამართლებრივი შეთანხმების ფორმით, სახელმწიფოს ხელში ქონებები გადადიოდა უსასყიდლოდ. მონიტორინგის შედეგად, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი - 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ან/და მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი - 477, აბაშა - 116, ბათუმი - 97, ჩოხატაური - 84, ხელვაჩაური - 76, მცხეთა - 65, ხონი - 48, ხოლო საკუთვრივ თბილისში, 2004-2012 წლებში, დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში, სრულადაა წარმოდგენილი დათმობილი ქონებების პერიოდი, საკადასტრო კოდი და მისამართები. რაც შეეხება დათმობილ წილებს/აქციებსა და ავტომობილებს, ინფორმაციაში ამის შესახებ მხოლოდ სტატისტიკური მომაცემებია მოტანილი.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, აგრეთვე მოითხოვა ინფორმაცია, თუ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის მდგომარეობით, რამდენმა მოქალაქემ ჩუქების ხელშეკრულებით ან სხვა სამართლებრივი ფორმით, დათმო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ და რამდენი მიტოვებული ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ორგანიზაციის მიმართ, გამოხმურების წერილში ნათქვამია, რომ „ფიზიკური პირების მიერ ჩუქების ხელშეკრულებიტ ან სხვა სამართლებრივი ფორმით სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე და აგრეთვე სტატისტიკურ ინფორმაციას მიტოვებული ქონების შესახებ, რომელიც დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია არ მოიპოვება“.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ცალსახად შეუძლებელია ითქვას, რომ 2004-12 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ქონებები, წარმოდგენდა საკუთრებების ჩამორთმევის შემთხვევებს, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიღებულ სიკეთეებს, ვინაიდან შესწავლილ ინფორმაციაში, დათმობილი ქონებების მიზეზებსა და მოტივაციაზე, საუბარი არ არის. მიუხედავად ამისა, თვალსაჩინოა საკუთრებების დათმობისა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის მასობრივი ხასიათი და ტენდენცია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, „ქონებაჩამორთმეულთა საქმეები“ გახდა ტერმინი, რომელიც 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, სწორედ საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე მიუთითებს, ვინაიდან არაერთი ფაქტით იქნა დადასტურებული, რომ 2006-2012 წლებში, მოქალაქეებმა და კერძო იურიდიულმა პირმა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქეს ქონებები და საკუთარი კომპანიის წილები, რაშიც სახელმწიფოს ზეწოლის ნიშნები იკითხება.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2014 წლის 15 დეკემბერს მიმართა. მოთხოვნილი ინფორმაცია 2014 წლის 31 დეკემბერს, სრულად გასცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. 2015 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, ორგანიზაციამ მიღებული ინფორმაცია სრულად შეისწავლა.