ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს, დააჩქაროს ორგანიზაციის განცხადების განხილვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თითქმის ორი თვის განმავლობაში, კომისიის მიერ გამოხმაურებისა და გადაწყვეტილების მიღმაა დარჩენილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, ბოლო თვეების განმავლობაში, საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნის 9-თვიანი ვადის გასვლას. ტელეკომპანიის ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, სასამართლოს მხრიდან აღნიშნული ვადის გაგრძელება, შეფასებულია, როგორც ხელისუფლების მხრიდან უკანონო მოქმედება და გიგი უგულავას საპატიმროში ყოფნა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნა. ჩვენს ყურადღებას იპყრობს ტელეკომპანიის ეთერით საზოგადოებისთვის მიწოდებული აღნიშნული ინფორმაციის ხასიათი, რომელიც მოწოდებულია, როგორც „სოციალური რეკლამა“. მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აღნიშნული ვიდეო-რგოლის გავრცელებით, დაარღვია კანონი და გავრცელებული ინფორმაცია, თავისი შინაარსით, არ წარმოადგენდა სოციალური რეკლამის კატეგორიას. სარეკლამო რგოლი შეიცავდა პოლიტიკურ განცხადებებს და რეკლამაზე მითითებული არც შემკვეთი ფიზიკური თუ იურიდიული პირის ვინაობა იყო აღნიშნული. რაც, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ვიდეო-რგოლის სოციალურ ხასითს და მიზანს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, განსაზღვრულია „სოციალური რეკლამის“ სამართლებრივი ხასიათი. კერძოდ, სოციალური რეკლამა არის „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას“. სოციალური რეკლამის მნიშვნელობის ამგვარ დეფინიციას გვთავაზობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტიც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, „სოციალური რეკლამის“ სახით გავრცელებული რგოლის შინაარსობრივი მხარე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნის 9-თვიანი ვადის უკანონობაზე მიუთითებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ზემოთ მოცემულ სოცილაური რეკლამის განმარტებას. სიუჟეტის ტექსტში ნათქვამია: „ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ლიმიტისათვის ავლის მცდელობას გავს. დამატებითი ბრალდებები თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავს წინააღმდეგ, რაც მხოლოდ მისი პატიმრობაში დატოვების მიზანს ემსახურება, აღქმული იქნება, როგორც მის მიმართ, განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დასტური. ნუ გამოიყენებთ პატიმრობას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მე მრჩება ერთადერთი შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურატურის ასეთ დაჟინებულ მცდელობას პოლიტიკური სარჩული აქვს. (ციტატა ერთ-ერთი უცხოური ანგარიშიდან - ორგ.) გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ათი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ირღვევა კონსტიტუცია მსგავსი პრეცენდენტის დაშვება კი აჩენს საფრთხეს, რომ მკვიდრდება პრაქტიკა, რომლის დროსაც, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება იმყოფებოდეს უსასრულო პატიმრობაში სასამართლოს განაჩენის გარეშე. არ დავუშვათ კონსტიტუციის დარღვევა. არ დავუშვათ უკანონო პატიმრობა (სტილი დაცულია)“.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ზემოაღნიშნული ტექსტით, „სოციალური რეკლამის“ სტატუსით გადაცემული ინფორმაციის საშუალებით, არღვევს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედ კანონებს. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, კი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან კანონის სავარაუდო დარღვევის შესწავლის მოთხოვნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, 2015 წლის 8 მაისს მიმართა. ორგანიზაციას, 25 მაისს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ეცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაევალა, საქმეზე შემდგომი ახსნა-განმარტების მომზადება. ასევე, ინფორმაციის წარდგენა კომისიისთვის აღნიშნული რგოლის დამკვეთისა და ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადეში განთავსების პირობების შესახებ (უფასო/ფასიანი). „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ უცნობია, რა ეტაპზეა ამჟამად საქმისწარმოება და უზრუნველყო თუ არა ტელეკომპანიამ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის.