ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეს-მდივან ხატია ყურაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილი განცხადების განხილვას უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხისთვის დღეს არც კომისიას და არც ქვეყანას სცალია.
„არ მცალია მაგისთვის, რადგან დღეს ბოლო დღეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე. ხვალ დამირეკეთ „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებასთან დაკავშირებით, ვიცით რა განცხადებაც გააკეთეს. არანაირად არ მცალია დღეს, ეთერიდან ეთერში უნდა ვიარო მთელი დღე. არ მცალია მაგ თემისთვის დღეს, არც ჩვენთან კომისიაში და არც ქვეყანას" - განაცხადა ხატია ყურაშვილმა 2015 წლის 30 ივნისს, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტთან განცხადებაზე შეფასების დროს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ვახტან აბაშიძეს მიმართავს, გააკონტროლოს საკუთარ სამსახურში დასაქმებული პრეს-მდივნის, ხატია ყურაშვილის მოქმედებები, რომელიც არ პასუხობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტანდარტებს და იმ ეთიკურ წესებს, რომელიც ყველაზე მდიდარი უწყების სახეს საზოგადოებაში - პრეს-მდივანს უნდა ახასიათებდეს და გააჩნდეს. ჩვენ გამოხმაურება არ იქნებოდა, რომ არა გასაჩივრებული ფაქტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი/მედია ინტერესის მიმართ იმ უწყების უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელიც სხვა ვითარებაში, თავად უნდა ყოფილიყო ინიციატორი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლა დაეწყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას მართებს მეტი მოთმინება და ფრთხილი განცხახებები, რადგანაც დავის გადაწყვეტის პროცესში არ აღმოჩნდეს მხარე. ქალბატონი ხატია ყურაშვილის განცახდება, რაოდენ მოუცლელიც არ უნდა იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ან თავად პრეს-მდივანი, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კომისია აღნიშნული დავის განხილვის დროს, მომავალში, ტენდენციური არ იქნება. პრეს-მდივანი გამოხატავს უწყების პოზიციას, ის სწორედ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში იღებს ხელფასს. მოცემული შეფასება კი, პირდაპირი უპატივცემულობაა უფლებადამცველებისა და მოქალაქეების, რომლებსაც საკითხის მიმართ, თუნდაც ირიბი ინტერესი გააჩნიათ. ორგანიზაცია მიმართავს კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს, ბატონ კახი ყურაშვილს, „საჯარო ინტერესის“ მნიშვნელობა განმარტოს სამსახურში დასაქმებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ასეთ განმარტებებს საჭიროებს. ამასთან, საინტერესოა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში რა ნიშნით ხდებიან დასაქმებულები, რატომ აქვთ მათ ყოველთვიური შემოსავალი 11.000 და 12.000 ათასი ლარი, რა სარგებლობა მოაქვთ საზოგადოებისთვის, რატომ არ წერს ამის შესახებ თავისუფალი მედია, რომელიც არ ექვემდებარება აკრძალვებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ნეპოტიზმისა და განათლების დეფიციტი ჩვენს წამყვან თვალსაჩინო უწყებებში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ჩვენი, როგორც მომხმარებელთა უფლებებს არ დაარღვევს და განცხადებას გონივრულ ვადებში განიხილავს. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც მდიდარი პროფესიული წარსული აქვს და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი მისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტული, პრეს-მდივნის სამომავლო ქმედებებსა და ქცევებს გააკონტროლებს და მის მიმართ გამოყენებული იქნება სამსახურის შიდა სადისციპლინო პასუხისმგებლობის ნორმებიც.