„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, პარლამენტს მიმართა

1 ივლისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2004-2012 წლებში, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება ეხება კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. მომზადებული ცვლილების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადამდე. მოქმედი კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს აქვთ საფუძველი, წართმეული უძრავი/მოძრავი საკუთრების დაბრუნების მიმართულებით მიმართონ სასამართლოებს და დაიწყონ აქტიური სამართლებრივი მოქმედებები, მოქალაქეები დგებიან სამართლებრივი ჩიხის წინაშე და საქმეზე ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, შეუძლებელი ხდება დავა გაგრძელდეს, სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და სასამართლოები ღებულობდნენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგენილი 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება 15 წლის ვადით. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც უკანონდ ჩამოართვეს ქონებები, საშუალება ექნებათ მიმართონ სასამართლოს და იბრძოლოდ საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. ვადის გაზრდა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კანონიერების და სამართლიანობის დადგენის მხრივ, საქმეების განხილვა მოხდება თავიდან, სასამართლოს მიერ და საქმის განხილვის შედეგად მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება მათი გამართლების ან გაუმართლებლობის შესახებ. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქონებაჩამორთმეულების მიმართ არ მოხდება ერთიანი მიდგომის პრინციპი, არამედ მოხდება მათი საქმეეების ინდივიდუალურად განხილვა, შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ორგანიზაციის შეფასებით, 15-წლიანი ვადა გონივრულია და ყველა მოქალაქეს, რომელიც საკუთარი დარღვეული უფლების თაობაზე მიმართავს სასამართლოს, წარუდგენს მტკიცებულებებს და დაიწყებს საკუთრების უფლების აღდგენაზე დავას, სახელმწიფო მისცემს სამართლიანი სასამართლოს განხორციელების შესაძლებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოში, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკურმა ცვლილებებმა, დღის წესრიგში დააყენა სამართლიანობის აღდგენა, მოქალაქეებს საშუალება მიეცათ დაეწყოთ ჩამორთმეულ ქონებებზე დავა, საქმის გამოკვლევების შედეგად კი, ცალკეულ შემთხვევებში დადგინა, რომ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ედავებოდნენ იმ პერიოდში უკანონოდ და დაუსაბუთებელი ქონების შეძენას, აღნიშნული ადამიანების მიმართ, პროკურატურის ობიექტური მოკვლევის შედეგად, დღეს გამამართლებელი გადაწყვეტილებები დადგა, თუმცა სასამართლოები, ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, მათი საქმეების თავიდან განხილვაზე უარს ამბობენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო. კანონპროექტის მომზადების პროცესში, შესწავლილ იქნა შვეიცარიის, საფრანგეთის, რუსეთის, უკრაინის, ლატვიისა და ესტონეთის კანონმდებლობა, ხოლო ინიცირებული წინადადება დასაბუთდა საკითხზე საუკეთესო პრაქტიკით. ორგანიზაციის მხრიდან პარლამენტში, ეს უკვე ინიცირებული მეორე საკანონმდებლო წინადადებაა. საკანონმდებლო წინადადების ამოქმედება, ავტორების აზრით, 2015 წლის 1 ნოემბრიდანაა შესაძლებელი.

 


კომენტარები