ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო Holiday Inn-ში დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.
შეხვედრა გახსნეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა, მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესში , პროგრამის მიზნების, მნიშვნელობისა და როლის აღწერას. ღონისძიებაზე ასევე, მოხდა იმ ორგანიზაციების წარდგენა, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და უშუალოდ განახორცილებენ პროგრამას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცნობისთვის: ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში 2015 წლის 23 აპრილს გაიმარჯვა. პროექტის თანახმად, დაგეგმილია არანაკლებ 16 ბენეფიციარისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა. პროექტის მენეჯმენტიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება ყველა მიგრანტის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა - კონსულტაციები, წარმომადგენლობა, დამისამართება და სხვა.