ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საკონსულტაციო საბჭოს ახალი დებულება მიიღო

7 ივლისი, 2015

2015 წლის 6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილმა, კომიტეტს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალი დებულების პროექტის გააცნო. წარმოდგენილი ცვლილებებით, დაზუსტდა საკონსულტაციო საბჭოს, ხელმძღვანელი პირების და სამდივნოს უფლებამოსილება, საბჭოს წევრთა შემადგენლობის, არჩევის და წევრის სტატუსის შეჩერების საკითხები, საბჭოს ერთიანი საჯარო პოზიციის ფორმირების წესი და სხვა. დებულებაში გჩნდა მკაფიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საბჭოს მუშაობა უზრუნველყოფილია საზოგადოებრივ საწყისებზე და არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას. საბჭოს პარტნიორი დონორი ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი პროექტი მიზნობრივად უნდა მიემართოს საბჭოს ორგანიზაციულ განვითარებას, საქმიანობის ამაღლებას და თემატური ღონისძიებების მომზადებას.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოქმედ დებულებაში ცვლილებების შეტანის საჭიროება, საბჭოს საქმიანობის პრაქტიკულმა გარემოებებმა წარმოშვა. ახალი რეგულაციების მიზანია, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთოს საბჭოს და კომიტეტის თანამშრომლობა საერთო ინტერესების საკითხების გადაჭრისათვის.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტის თავმჯდომარის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა. საბჭო აერთიანებს შესაბამისი სფეროს, როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურაში მომუშავე, ისე დამოუკიდებელ და სპეციალისტებსა და ექსპერტებს. მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებაში. ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიან განხორციელებას. ახალი დებულებით, საბჭოს ექნება საკუთარი ლოგო, სატიტულო ფურცელი და ოფიციალური ვებ-გვერდი.



კომენტარები