„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ საჩივარი შეიტანა, რითაც ორგანიზაციის საგრანტო წინადადების დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გაპროტესტდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგრანტო პროექტის დაფინანსების უართან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და არ ტოვებს საგრანტო წინადადების ობიექტურად განხილვის ვარაუდს. სწავლების ცენტრის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული არ არის, თუ რომელი კრიტერიუმის მიხედვით ეთქვა უარი ორგანიზაციას პროექტის დაფინანსებაზე. არც საგრანტო განაცხადის დაფინანსებაზე უარის თქმის ბრძანებსა და არც საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნული არ არის, კომისიის წევრების მხრიდან ორგანიზაციის საგრანტო განაცხადის შესახებ მსჯელობის არსებობა, მაშინ, როდესაც საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, კომისიის წევრთა მხრიდან მსჯელობა არსებობს ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი საგრანტო განაცხადების მიზანშეწონილობის შესახებ. შესაბამისად, გაუგებარია სწავლების ცენტრის მხრიდან გრანტის გაცემის პრინციპები, მიდგომები და გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩო, რომელიც არ ტოვებს გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასების ვარაუდს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხრიდან საგრანტო კონკურსი დისკრიმინაციული არ უნდა იყოს და კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს. ცენტრის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, მიუკერძოებლობას და გამჭვირვალობას, რაც ბოლო საგრანტო კონკურსების მიხედვით, მკაფიოდ დარღვეულია. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები. რომლთა დამფუძნებლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ლიდერები და წევრები არიან.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ საჩივარი მიზანმიმართული ქმედება არ არის და ემსახურება იმ სტანდარტების დამკვიდრებას, როდესაც გრანტის გამცემი თავისუფალი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური ვალდებულებებისაგან და დაამკვიდრებს რეალურ კონკურენტულ, მიუკერძოებელ და სამართლიან საკონკურსო მიდგომებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში საგრანტო პოლიტიკა შესაცვლელია და ის დისკრიმინაციული არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ამ მიმართილებით დაიხვეწოს „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონიც და განტის გამცემი გახდეს ვალდებული, საგრანტო განაცხადზე უარი დაასაბუთოს კონკრეტული მიზეზებით. ორგანიზაციებს აქვთ უფლება, იცოდნენ საგრანტო განაცხადზე უარის თქმის საფუძვლები, რათა შემდგომში აღმოფხვრას ნაკლოვანი მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობაც და დამკვიდრებული პრაქტიკული წესები, ასეთ შესაძლებლობას არ იძლევა.
ცნობისთვის: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2015 წლის 16 ივნისს მიღებული ბრძანებით „ახალგაზრდა ადვოკატებს“ უარი უთხრა საგრანტო პროექტის დაფინანსებაზე. ორგანიზაციამ სწავლების ცენტრს წარუდგინა საგრანტო წინადადება საარჩევნო თემაზე: „ჩემი პირველი ხმა“, რომელიც ეხებოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 წლის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების და საარჩევნო თემაზე ინფორმირების გაზრდას ქვეყნის 6 საარჩევნო ოლქში. ორგანიზაციის საგრანტო განაცხადმა, გამსვლელი 70 ქულიდან, 61.25 მიიღო. „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან, უკვე მესამე საგრანტო განაცხადზე მიიღო უარი. შესაბამისად, ორგანიზაცია მზად არის საჯარო გახადოს წარდგენილი განაცხადები, რათა საზოგადოებამ შეაფასოს პროექტების კომპეტენტურობა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 2009 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად შეიქმნა.