2015 წლის 10 ივნისს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“, „პოზიციამ“ და „ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921“ ხელმძღვანელებმა, საქართველოს პარლამენტში ე.წ. „გაცდენების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადების განხილვასთან დაკავშირებით, პირველი ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ნეგატიურად შეაფასეს წარმოდგენილი ცვლილების შინაარსი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალიდან „ოჯახური მდგომარეობის გამო“ სხდომის გაცდენა ამოღებული იქნება.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ცვლილების სახით წარმოდგენილი კანონპროექტი რეალურად ვერ შეცვლის პარლამენტარების პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრების უზრუნველყოფას, რადგანაც პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული წინადადება არ ითვალისწინებს დეპუტატების ფინანსურ სანქცირებას, საპატიო მიზეზების ჩამონათვალიდან მხოლოდ „ოჯახური მდგომარეობის გამო“ სხდომის გაცდენის რეგულაციის ამოღება ხდება და ინიციატივას არ გააჩნია პრობლემის სისტემური გამოსწორების მიზანი. ორგანიზაციები პარლამენტს ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადების განხილვას სთავაზობენ, რომელიც პარლამენტში, „სამოქალაქო ცართულობის ცენტრმა“, საკითხზე მომუშავე ოთხი არასამტავრობო ორგანიზაციის სახელით, 2015 წლის 3 ივლისს შეიტანა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოშავებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებების შეტანა:
- პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება, ოჯახის წევრის მშობიარობა, სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში.
- თუ 1 დღის განმავლობაში, კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში, იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში, ამ პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 40%.
- თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება ხელფასის 20%.
- თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი, კალენდარული თვის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ჩატარებული სხდომების 35%-ს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი, კალენდარული თვის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ჩატარებული სხდომების 25%-ს, მას დაუკავდება ხელფასის 50% და ასევე, გათავისუფლდება პარლამენტში დაკავებული ყველა თანამდებობიდან.
- თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 50% და ასევე, გათავისუფლდება პარლამენტში დაკავებული ყველა თანამდებობიდან.
ცნობისთვის: „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ შეისწავლა საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატების სხდომებზე დასწრების სტატისტიკა, რომელმაც აჩვენა, რომ პარლამენტის წევრები, ყველაზე მეტად, სხდომებს ოჯახური მდგომარეობის გამო აცდენენ. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრთან“ ერთად, „ახალგაზრდა ადვოკატები“, „პოზიცია“ და „ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921“ საკითხზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და საკანონმდებლო წინადადების მომზადებაზე შეთანხმდა, ორგანიზაციების 2015 წლის 11 ივნისის საჯარო განცხადების შემდგომ კი ცნობილი გახდა, რომ პრობლემაზე მუშაობას პარლამენტიც იწყებდა.