2015 წლის 10 ივლისს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმზე ილიაუნის სტუდენტებს ოთხივე ფაკულტეტიდან (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, სამართლის სკოლის და ბიზნესის სკოლის) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს თავისუფალი შესაძლებლობა ჰქონდათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის და მათი შესაძლებლობების წარმოჩენის. ფორუმზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დეტალურად მიეღოთ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ. ასევე, ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგის ფორმატში რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობა, თუ რაში უნდა გაძლიერდნენ, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს დასაქმების ბაზარზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმ 13 ორგანიზაციას შორის აღმოჩნდა, რომელმაც დასაქმების ფორუმზე სპეციალური პრეზენტაცია წარმოადგინა. ორგანიზაციამ სტუდენტებს გააცნო ის პრინციპები და საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს. ამასთან, ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო წინადადებასაც, რომელიც სტაჟირების შრომის სტაჟში ჩათვლას გულისხმობს. როგორც ცნობილია, „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღნიშნული წინადადება საქართველოს პარლამენტმა განიხილა და საკითხზე მუშაობა სამუშაო ჯგუფში გრძელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დასაქმების ფორუმზე ილიაუნის სტუდენტებს ორგანიზაციაში გამოცხადებული ერთი ვაკანსიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, ორგანიზაცია პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ახალი კადრის შერჩევას ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით ცდილობს. ორგანიზაციამ ვაკანსია 2015 წლის 22 ივნისს გამოაცხადა და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს, საკუთარი მონაცემების გადმოგზვანის ვადა, 17 ივლისამდე გააჩნიათ. ორგანიზაციის ვაკანსიის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს:
- პროექტების ინიცირება და საპროექტო წინადადების მომზადება;
- პროექტების ხელმძღვანელობა და პროექტის ციკლის მართვა (პროექტის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება, დასრულება);
- პროექტის მიზნისა და შედეგის განსაზღვრა, პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგისა და ბიუჯეტის შემუშავება;
- პროექტში დაინტერესებულ პირებთან, შემკვეთებთან, დონორებთან, ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- პროექტის განხორციელების სტრატეგიის შემუშავება, პროექტის გუნდის ფორმირება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება, პროექტის მონიტორინგი და შეფასება, პროექტის განხორციელების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა, განხორციელება;
- შიდა და გარე ორგანიზაციული რეპორტინგის ეფექტური განხორციელება;
- ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის ინიცირებული თემების საპროექტო წინადადებად მომზადება;
- ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, დიპლომატიურ კორპუსთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- „Peace Corps“-ის მოხალისესთან პროექტების უზრუნველყოფის მიმართუილებით, დამხმარე უფლებამოსილების განხორციელება;
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოცხადებული ვაკანისიით დაინტერესებული კანდიდატები, აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს, რომ გააჩნდეთ ქართულ და ინგლისურ ენებზე საპროექტო განაცხადის წერის უნარი და პრაქტიკული გამოცდილება, პროექტის ფინანსურ მენეჯერთან ერთად პროექტის ბიუჯეტის შედგენისა და მართვის უნარი, საერთაშორისო პროექტებში მუშაობის, შემკვეთებთან და დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი, ხელმძღვანელობის უნარი, შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებათა განაწილებისა და დელეგირების სწორი უნარი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიაუნის დასაქმების ფორუმზე პირველად წარსდგა. ფორუმში სულ მონაწილეობა რეგისტრირებულმა 31 სხვადასხვა სფეროს კომპანიამ და ორგანიზაციამ მიიღო.