2015 წლის 10 ივლისს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმის შეფასების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო. საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საექსპერტო წრეებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეხვდნენ, სადაც ვრცლად იქნა განხილული საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები, როგორც პროკურატურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შესახებ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებების მიმართ კრიტიკული შეხედულებები რეფორმის პროცესის შემადგენელი ნაწილია, თუმცა არ არის მისაღები დამოკიდებულება, თითქოსდა სტრუქტურული ცვლილებები თავსმოხვეულია. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში იქნა აღნიშნული და მოსახლეობისთვის გაცემული დაპირება, რომ კოალიცია უზრუნველყოფდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის რეფორმას და აღნიშნული უწყებების სტრუქტურულ ცვლილებებს.
„წარმოდგენილი კანონპროექტები სწორედ წინასაარჩევნო დაპირებების შედეგია, წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა შეიძლება კრიტიკულადაც შევხედოთ და ვთვქთ, რომ სრულყოფილი არ არის. ჩვენი დისკუსიაც ემსახურება იმას, რომ ვიდრე პარლამენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტიელებას, ვიცოდეთ, რა ხარვეზების გამოსწორება სურს სამოქალაქო სექტორს. ყურადღება მინდა დავუთმო ინსტიტუციების ანგარიშვალდებულების საკითხს და ვთქვა, რომ არ მომწონს, როდესაც კანონპროექტი არ ითვალისწინებს საპარლამენტო კონტროლის გაზრდას. მაგალითად, თუკი მთავარ პროკურორს ამტკიცებს პარლამენტი, რატომ არ შეიძლება ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, ასევე ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე, ვიდრე საპროკურორო საბჭოს წინაშე გააჩნდეს მხოლოდ ასეთი ანგარიშვალდებულება. ასევე, წარმოდგენილ ცვლილებებში არ ჩანს პრეზიდენტის ინსტიტუტის მონაწილეობა. ძალიან რთულია პროკურორის შერჩევის მექანიზმიც. ჩვენ მოვისმინეთ დისკუსია, როგორი პროკურატურა გვინდა, პროფესიული თუ პოლიტიკური? რასაკვირველია, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა შევძლოთ პროფესიული პროკურატურის მიღება. არ ვიცი, რა დამოკიდებულება ექნება პრეზიდენტს კანოპროექტების მიმართ. გამოიყენებს თუ არა ვეტოს. ექნება თუ არა ალტერნატიული წინადადებები. იმ შემთხვევაში, თუკი ვეტო იქნება გამოყენებული, საზოგადოებაში უფრო მეტი დისკუსია გაჩნდება. შესაბამისად, საჭიროა პრეზიდენტმა სწორი ანალიზი შესთავაზოს საზოგადოებას მისი გადაწყვეტილებების დროს, რადგანაც საკითხი ეხება არა რომელიმე საკითხის მოგვარებას, არამედ სახელმწიფო ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს. ზოგადად, რასაკვირველია, ცვლილებები არის საჭირო და სწორი. ვფიქრობ, ჩვენი დისკუსიაც ძალიან სასარგებლოა“ - აღნიშნა თავის შეფასებაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიას პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: „დღეს საქართველოს ჭირდება პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნეიტრალური პროკურატურა. სამწუხაროდ ის კანონპროექტი, რომელიც არის პროკურატურის შესახებ წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას. რაც შეეხება შსს-ს, აქ აზრი არის კონსოლიდირებული იმ გაგებით, რომ საჭირო იყო იმ პრობლემატიკის პირველ რიგში კარგად გააზრება, ანალიტიკური შეფასება, რაც ახლდა შსს-ს სტრუქტურების გაერთიანებას. უნდა გააზრებულიყო, რა პრობლემებია დღესდღეობით და ამის შემდეგ უნდა გასაზღვრულიყო სტრატეგია და მიზანი, თუ რის მიღწევა გვინდა გაყოფით. ამ რეფორმას ჭირდებოდა მეტი გააზრება.“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.