სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2015 წლის სექტემბრიდან ახალი სამოქალაქო მოძრაობა „ბანკები ჩვენ გვეხება“ დაიწყება. ორგანიზაცია „პოზიციის“ ინიციატივით, საბანკო სფეროს მხრიდან მომხმარებელთა მიმართ დამკვიდრებული დისკრიმინაციული და არაკეთილსინდისიერი მოქმედებები უნდა შეჩერდეს და საქართველოს საბანკო სფერო მართლზომიერების ფარგლებს დაუბრუნდეს. ორგანიზაციის შეხედულებებს ეთანხმება „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, რომელთაც საბანკო სფეროში არსებულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატები“ სექტებერში წარმოადგენს პრობლემური საკითხის სამართლებრივ ანალიზს, „ახალგაზრდა ფინანსისტები“ კი - ეკონომიკურ შეფასებას. სამი ორგანიზაცია, მოქალაქეებთან ერთად, კოალიციურ რეჟიმში დაიწყებს ახალი სამოქალაქო კამპანიას: „ბანკები ჩენ გვეხება“.
2015 წლის 14 ივლისს, ორგანიზაცია „პოზიციის“ თავმჯდომარემ გურამ ადამაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„პოზიცია“, „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“ ერთად კოალიციურ რეჟიმში წამოიწყებს მოძრაობას, რომელში ჩართვაც ყველა იმ მოქალაქეს შეეძლება, ვინც თვლის, რომ საქართველოში ბანკები მომხმარებლებს არაკეთილსინდისიერად ექცევიან და მათზე სესხების გაცემას კაბალურ პირობებში აწარმოებენ. კოალიცია თვლის, რომ არა მხოლოდ სამომხმარებლო სესხების პროცენტია მაღალი და სრულიად არაადეკვატური, არამედ მისი ამოღების მექანიზმიც. ე.წ. პრობლემური სესხის განყოფილებათა წარმომადგენლები ვალების გადახდისუუნარო მოქალაქეებზე ახორციელებენ შანტაჟს და მუქარას, აყენებენ მათ შეურაცხყოფას და პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტის გზების ძიების ნაცვლად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თვითმკვლელობის მდგომარეობამდეც კი მიჰყავთ. ისეთ ეკონომიკურ პირობებში, როგორშიც დღეს საქართველო იმყოფება, საბანკო სექტორი ყველაზე მომგებიან ბიზნესად რჩება და ეს ძირითადად მათი მოქალაქეებისადმი მძარცველური პოლიტიკის გატარების შედეგია.
კოალიციას, მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, ლარმა დევალვაცია განიცადა და ზოგადად, რეგიონში საკმაოდ მყიფე ეკონომიკური მდგომარეობაა, ბანკებმა იმის ნაცვლად, რომ რაიმე ფორმით სოლიდარობა გამოხატონ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებისადმი, პირიქით, მათ მიმართ არავითარ რეალურ შეღავათს არ აწესებენ. კომერციული ბანკების ამგვარი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ ასევე ზიანს აყენებს საქართველოში ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებასა და განვითარებას, რადგან ახალდაქორწინებულ წყვილებს არ აქვთ სესხების აღებისა და საკუთარი ბინების განვადებით შეძენის საშუალება, რაც ცოლ-ქმრის ურთიერთობას გარკვეულ პრობლემებს უქმნის, ბევრი ადამიანი კი, გამომდინარე იქედან, რომ ბინების გაყიდვა მოუწიათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაშია დარჩენილი. მასობრივ პრობლემად იქცა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის საკითხი, რამაც, უკვე დადასტურებული სტატისტიკით, ამავე ოჯახების ნგრევა გამოიწვია და კიდევ სხვა, მათ შორის, მორალური პირობების გათვალისწინებით, ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საჭიროა, აღნიშნული პრობლემის კომპლექსურ კვლევასთან ერთად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მთავრობა, კანონში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ვერ აიძულებს საბანკო სექტორის ხელმძღვანელობას, შეამცირონ კატასტროფულად (სრულიად ხელოვნურად) გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ხსნა მხოლოდ მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობის წამოწყებაშია.
ყველა მოქალაქე, ვინც თვლის, რომ ბანკები უსამართლოდ მოექცნენ, შეუძლია დარეგისტრირდეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.position.ge და გამოხატონ ჩართულობა სექტემბერში დაგეგმილ ფართომასშტაბიან მოძრაობისთვის.