„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მარნეულის „ეთნიკური უმცირესობების ფორუმზე“ ევროიტეგრაციის პროცესი შეაჯამეს

14 ივლისი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ რეგიონალური შეხვედრა გამართეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას დაეთმო.

ფორუმში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე გოცაძე, ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების ფორუმში დაესწრნენ რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს, სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლები. როგორც საჯარო უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე პროექტის ავტორებმა ფორუმის მონაწილეებს ვრცლად გააცნეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ისტორია, თანამედროვეობა და როლი, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები, საქართველოს მთავრობის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის პროცესში, ქვეყნის ეთნიკური უმცირესობათა პასუხისმგებლობა და სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობა, მათი უფლებები და მოვალეობები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ქვეყნისათვის და რას მოუტანს ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. შეხვედრის მონაწილეებმა უშუალოდ იუსტიციის მინისტრისგან შეიტყვეს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებებისა და მათი როლის შესახებაც. თეა წულუკიანის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი რეფორმის გატარება ხდება საჭირო, მაგრამ ამას ჩვენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვაკეთებთ და არა იმიტომ, რომ ვინმეს მოთხოვნაა. ეს უკეთესი მომავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის საუკეთესო ინტერესსა და კეთილდღეობაზეა მორგებული და მიზნად ისახავს, მომავალმა თაობამ უკეთეს სახელმწიფოში იცხოვროს. უკეთესი სახელმწიფო კი ეთნიკური უმცირესობებისთვის პროგრესის პირობების შექმნასაც გულისხმობს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სახელმწიფო ენა ისწავლონ, რათა ჰქონდეთ პერსპექტივა, პროფესიული არჩევანის საშუალება და კარიერა საქართველოში. თანასწორობა, რომელიც ევროპული და, შესაბამისად, ქართული ღირებულებაა, სხვაგვარად ვერ მიიღწევა.

„ეთნიკური უმცირესობების ფორუმზე“, ადგილობრივმა მოქალაქეებმა, განსახილველ საკითხებზე, მიიღეს უახლესი ცნობები და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უშუალო კითხვები დაესვათ ევროინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირებისთვის. მოქალაქეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში „საინფორმაციო კამპანია ეროვნულ უმცირესობათა თემებში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ“, რომელიც გამოიცა, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. ანგარიშში ცაკლე თავი დაეთმო ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის, თანამონაწილეობისა და უფლებების საკითხს. ანგარიში, ასევე უფასოდ გადაეცათ რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს, თვითმმართველობებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს. 

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინფორმირება, ჩართულობა და ნდობის გაზრდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებების როლი, ვინაიდან აუცილებელია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციით ისტორიული არჩევანის წინაშეა და ხდება ინსტიტუციური განვითარება.  როგორც პრეზენტაციის დროს, პროექტის კოორდინატორმა, ნინო ისაკაძემ განაცახდა, პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რომ ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, ეთნიკური უმიცრესობების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, პრობლემის დაძლევისთვის კი, საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროექტი: „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში განახორციელეს. ფორუმი ორი რეგიონის - სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის შემდგომ, მარნეულის მუნიციპალიტეტში ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ორგანიზაცია ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალი ინიციატივების მომზადებას 2015 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოფს.

 


კომენტარები